საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველის წლიური ანგარიში მოისმინეს
2016 წლის 24 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2015 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარადგინა.
თავის გამოსვლაში სახალხო დამცველმა მოკლედ მიმოიხილა საპარლამენტო ანგარიშში ასახული ყველა მიმართულება და ძირითადი გამოწვევები. ისაუბრა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ქვეყანაში მიმდინარე დადებით და უარყოფით ტენდენციებზე; ისაუბრა მართლმსაჯულების სისტემასა და სამართალდამცავ სტრუქტურებში სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში საქართველოს ხელისუფლების მიერ წლის განმავლობაში განხორციელებულ რეფორმებზე.
უჩა ნანუაშვილმა დადებითად შეაფასა პროკურატურისა და შსს-ს სისტემაში განხორციელებული რეფორმები თუმცა, აღნიშნა, რომ კვლავ რჩება მთელი რიგი გამოწვევები, რომელთა აღმოფხვრაც საკანონმდებლო რეგულაციების დახვეწას საჭიროებს. აღნიშნა, რომ ბოლო წლებში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღება და სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაცია, რომლის თანმიმდევრული იმპლემენტაცია უკვე აისახა პროპორციულ და გონივრულ სასჯელებზე.
სხდომაზე სახალხო დამცველმა ისაუბრა პენიტენციური სისტემის რეფორმებსა და გამოწვევებზე; აღნიშნა, რომ კვლავ აქტუალურია არასრულწლოვან ბრალდებულთა განცალკევების საკითხი სრულწლოვანი პატიმრებისგან და ბრალდებულთათვის ოჯახსა და გარესამყაროსთან წვდომის არაპროპორციული შეზღუდვა. კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სამართლიანობის აღდგენისათვის ქმედითი ღონისძიებების გატარებისა და სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებისათვის დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობას.
განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ე.წ. „ოდეერების“ ინსტიტუტის არსის პოზიტიურად შეცვლაზე, თუმცა, მიუხედავად ამ ცვლილებისა, 2016 წლის მარტში კვლავ გაჟღერდა ინფორმაცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ე.წ. „ოდეერების“ არსებობის შესახებ. ამიტომ, სახალხო დამცველმა მოუწოდა საქართველოს პარლამენტს, შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რათა შეისწავლოს კანონში შესული ცვლილებების შემდეგ როგორ გრძელდება ე.წ. „ოდეერების“ ინსტიტუტის გამოყენება, მათ შორის იმ უწყებებში, სადაც მათი მუშაობა კანონით გამოირიცხა.
ასევე ისაუბრა კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების უფლების უზრუნველყოფის თვალსაზრისით არსებულ ხარვეზებზე; აღნიშნა, რომ გასულ წელს ზოგადად უზრუნველყოფილი იყო მრავალფეროვანი მედია გარემო. თუმცა, წლის ბოლოს, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ შესახებ მიმდინარე სასამართლო დავის პროცესში მწვავედ დადგა ჯანსაღი მედია გარემოს შენარჩუნებისა და სასამართლო ხელისუფლების მხრიდან გამოხატვის თავისუფლებაში გაუმართლებელი ჩარევის საკითხები.
სახალხო დამცველის განცხადებით, წლებია მწვავე პრობლემად დგას შრომის უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების არარსებობა და სამუშაო ადგილზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საგანგაშო რიცხვი, რაც გარდაუვალს ხდის შრომის ინსპექციის შექმნის აუცილებლობას. ვერ ხერხდება გენდერული თანასწორობის მიღწევაც, გამოწვევად რჩება ჰომოფობიური დამოკიდებულება ლგბტ პირთა მიმართ და სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების დროული და ეფექტური გამოძიება.
შემაშფოთებელია ბავშვთა სიკვდილიანობისა და სიღარიბის მაღალი მაჩვენებელი, განსაკუთრებით მძიმე სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობაა მაღალმთიან რეგიონებში. პრობლემებია მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებსა და რელიგიური კონფესიების დაქვემდებარებაში არსებულ პანსიონებში.
არსებობს მნიშვნელოვანი გამოწვევები რელიგიის თავისუფლებით სრულყოფილად სარგებლობისათვის; დაბალია ეროვნული უმცირესობების მონაწილეობისა და ჩართულობის მაჩვენებელი გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
არ არსებობს უსახლკარო პირთა მონაცემთა ერთიანი ბაზა, რაც ხელს უშლის მათი რაოდენობის, საჭიროებების, მიზნობრივი დახმარებისათვის ფინანსური სახსრების განსაზღვრას; მძიმეა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობა, როგორც უსაფრთხოების, ისე სოციალ-ეკონომიკური თვალსაზრისით; დადებითად შეაფასა დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესი, ისევე როგორც ეკომიგრანტთა დახმარებისათვის განხორციელებული პროექტები, მაგრამ ჯერ კიდევ მძიმეა დაზარალებული ათი ათასობით ოჯახის მდგომარეობა; თავშესაფრის მაძიებელ, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა; თუმცა, დღემდე აუცილებელ რეაგირებას საჭიროებს სამხრეთ საქართველოდან გადასახლებული მესხების ღირსეული დაბრუნებისა და ინტეგრაციის საკითხი.
სახელმწიფოსთვის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში დამკვიდრებისა და სრულფასოვანი განვითარებისათვის ადეკვატური გარემოს შექმნა; ასევე, ხანდაზმულთა სიღარიბის, უსახლკარობისა და იზოლაციის საფრთხე. მნიშვნელოვანწილად გადასახედია სავალდებულო სამხედრო სამსახურის სისტემა.
მოხსენების შემდეგ სახალხო დამცველმა პარლამენტართა შეკითხვებს უპასუხა. კანონმდებლები დაინტერესდნენ სახალხო დამცველის ხელთ არსებული ინფორმაციით დახურულ დაწესებულებებში წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების, ქალ პატიმართა საყოფაცხოვრებო მდგომარეობისა და ზოგადად პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესახებ.
უჩა ნანუაშვილმა ისაუბრა სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა მდგომარეობაზე, გახმაურებულ ქალთა მკვლელობებზე მიმდინარე გამოძიებებზე, ასევე იმ კონკრეტულ საქმეებზე, რომლებიც სახალხო დამცველის აპარატში განიხილებოდა საანგარიშო პერიოდში, მათ შორის შრომის კოდექსისა და მთის კანონის ხარვეზებზე.
სხდომაზე საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ საქართველოს პარლამენტს სახალხო დამცველის ანგარიშის შესრულების შესახებ დადგენილების პროექტი წარუდგინა, რომელშიც სახალხო დამცველის რეკომენდაციათა ნაწილია ასახული. დადგენილება საქართველოს პარლამენტმა 75 ხმით მიიღო.
უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცვლის აპარატისთვის დადგენილების პროექტი სხდომის დასრულებამდე უცნობი იყო, საბოლოო ტექსტი სახალხო დამცველისთვის არც შემდეგ მოუწოდებიათ.