ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველის წლიური ანგარიში მოისმინეს

2015 წლის 2 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2014 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარადგინა.

მოხსენებაში სახალხო დამცველმა მოკლედ მიმოიხილა საპარლამენტო ანგარიშში ასახული ყველა მიმართულება და ძირითადი გამოწვევები. ისაუბრა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ქვეყანაში მიმდინარე დადებით და უარყოფით ტენდენციებზე, რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობაზე. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე, მთელი რიგი საერთაშორისო კონვენციების რატიფიკაციის აუცილებლობაზე. ისაუბრა პენიტენციური სისტემის რეფორმებსა და გამოწვევებზე; მოწყვლადი ჯგუფების პრობლემების გადაჭრის გზების ძიებაზე; ბავშვთა უფლებებზე; გენდერულ თანასწორობასა და ტოლერანტული გარემოს ჩამოყალიბების საკითხებზე. ხაზი გაუსვა სამართლიანობის აღდგენისათვის ქმედითი ღონისძიებების გატარებას, მათ შორის დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობას.

მოხსენების შემდეგ სახალხო დამცველმა პარლამენტართა შეკითხვებს უპასუხა. კანონმდებლები დაინტერესდნენ სახალხო დამცველის პოზიციით სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა მდგომარეობის შესახებ; პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული ვითარებისა და გახმაურებულ საკითხებზე, მათ შორის გახმაურებულ მკვლელობებზე მიმდინარე გამოძიების შესახებ. საუბარი ასევე შეეხო კონკრეტულ საქმეებს, რომლებიც სახალხო დამცველის აპარატში განიხილებოდა საანგარიშო პერიოდში.

სხდომაზე საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტს სახალხო დამცველის ანგარიშის შესრულების შესახებ დადგენილების პროექტი წარუდგინა, რომელშიც სახალხო დამცველის 87 რეკომენდაციაა ასახული.

ანგარიშის პლენარული მოსმენისა და კითხვა–პასუხის შემდეგ სახალხო დამცველმა დასკვნითი სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტს და სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტთან დაკავშირებით თანამშრომლობის დადებით პრაქტიკაზე ისაუბრა. აქვე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ახალ დადგენილებაში ის რეკომენდაციებიც აისახოს, რომლებიც წინა წელს იყო შეტანილი დადგენილებაში, მაგრამ დღემდე არ შესრულებულა. მათ შორის აღსანიშნავია იძულებით გაუჩინარებისგან ყველა პირის დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენცია; ასევე ეკომიგრანტების შესახებ კანონის მიღება; ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით კანონმდებლობის შეცვლა და მისი დაახლოება ევროპულ სტანდარტებთან; გასული წლის მსგავსად, წელსაც ვითხოვთ სასჯელაღსრულების მე–7 დაწესებულების გაუქმებას იქ არსებული პირობების გამო, ისევე, როგორც პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრთა პატიმრებთან შეხვედრისას კონფიდენციალობის დაცვას; ერთი დაწესებულებიდან მეორეში მსჯავრდებულების გადაყვანის დროს მათთვის გადაყვანის საფუძვლებისა და მიზეზის განმარტების ვალდებულებას. კვლავ და კვლავ მთავარ მოთხოვნად რჩება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის, ისევე, როგორც სრულყოფილი და ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნის აუცილებლობა.

საუბრის დასასრულს, სახალხო დამცველმა პარლამენტს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ შეახსენა. აღნიშნა, რომ ქვეყანაში მცხოვრები 118 651 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთაგან, მხოლოდ 24 ადამიანია საჯარო სამსახურში დასაქმებული; 30 ათასზე მეტი ქალი დღემდე ელოდება მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღებას; 35 ათასზე მეტი ოჯახი ითვლება ეკომიგრანტად და ისინი სტატუსის გარეშე ცხოვრობენ. ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობით საქართველო ერთ–ერთ პირველ ადგილზეა რეგიონში; გასულ წელს ათობით ქალი იყო ძალადობის მსხვერპლი და ამავე კონტექსტში, აუცილებელია გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა როლი გაიზარდოს.

აღწერის მიხედვით საქართველოში 263 ათასი დევნილია და მათი დიდი ნაწილი უმძიმეს სოციალურ პირობებში ცხოვრობს; 200 ათასი ადამიანი ვირუსული C ჰეპატიტით არის დაინფიცირებული; გასულ წელს აბორტების სტატისტიკამ 31 908 შეადგინა და მათ შორის ძალიან ბევრი არასრულწლოვანი იყო. ქონების უკანონო ჩამორთმევასთან დაკავშირებით პროკურატურა 697 საქმეზე მუშაობს; სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არაერთ არასათანადო მოპყრობის ფაქტს ქონდა ადგილი;522 პირი იყო საოკუპაციო ხაზზე დაკავებული რუსი სამხედროების მხრიდან. სახალხო დამცველი პარლამენტისგან სწორედ ამ, და კიდევ უამრავ სხვა მწვავე საკითხზე საუბარს, განხილვასა და გამოსავლის გზების ძიებას ელოდა.

„მე ვისურვებდი იმ რეალობის შეცვლას, რომელზეც ვსაუბრობდი და ველოდებოდი, რომ ვისაუბრებდით, თუ როგორ მივაღწიოთ თითოეული მოქალაქისთვის სახელმწიფო სიკეთეებისადმი თანაბარ ხელმისაწვდომობას. როგორ შევიმუშაოთ ეკო მიგრანტების, უსახლკაროთა, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირთა სოციალურ ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისაკენ მიმართული ქმედითი და პრაქტიკული პოლიტიკა.

ვისურვებდი ვისაუბროთ, როგორ შევქმნათ ბავშვთა უფლებების დაცვის რეალური მექანიზმები; როგორ დავაჩქაროთ შშმ პირთა ღირსეული ინტეგრაცია საზოგადოებაში, მათი დასაქმება; როგორ შევამციროთ შეუწყნარებლობის არსებული მასშტაბები; როგორ გავხადოთ მთავრობა უფრო ანგარიშვალდებული მიმართოს მეტი ძალისხმევა ადამიანის უფლებათა მაღალი სტანდარტების დასამკვიდრებლად. როგორ დავუახლოვდეთ დასავლურ სტანდარტებს, როგორ დავამკვიდროთ საზოგადოებაში სოციალური პასუხისმგებლობა. ვისურვებდი გაგვეანალიზებინა სად ვიმყოფებით, როგორ შევქმნათ ძალადობისაგან თავისუფალი გარემო; აღმოვფხვრათ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპული დამოკიდებულებები უმცირესობების მიმართ, როგორ უზრუნველვყოთ თანასწორობის, ტოლერანტობის სულისკვეთების დამკვიდრება; როგორ დავიცვათ ძალადობის მსხვერპლი ქალები. რა თქმა უნდა, ამისთვის საჭიროა ყველა ძალისხმევის გაერთიანება. ჩვენ, სახალხო დამცველის აპარატი გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ ამ გამოწვევებს ვუპასუხოთ. რა თქმა უნდა, ვიქნებით კრიტიკული, ვიქნებით ობიექტური, მაგრამ ვიქნებით მაქსიმალურად სამართლიანები, როდესაც ადამიანის უფლებებს ეხება საკითხი.

სახალხო დამცველს არ აქვს უფლება ისაუბროს პოლიტიკურ თემებზე. ჩვენ ვხედავთ იმ დადებით ტენდენციებს რაც ქვეყანაში ხდება, მაგრამ ასევე ვხედავთ იმ პრობლემებს და გამოწვევებს რისი გადაწყვეტისკენაც მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მათ გამოსასწორებლად კონკრეტულ ნაბიჯებზე მივუთითებთ. ამას აკეთებდა სახალხო დამცველის აპარატი წინა ხელისუფლების დროს, აკეთებს ახლა და ალბათ მომავალშიც, ახალი მთავრობისა და ახალი ხელისუფლების წინაშეც სწორედ იგივე ამოცანებს შეასრულებს. ჩვენ ვიქნებით სწორედ მიმართული იმისთვის, რომ გუნდი გახდეს უფრო ძლიერი, რომელიც რეაგირებას მოახდენს ყველა გამოწვევაზე. ძალიან დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის და მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს თანამშრომელს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში, 24 საათი, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად და სხვათა შორის, ავარიულ შენობაში, სადაც ჩვენი უსაფრთხოება არ არის დაცული, ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას ზოგადად ქვეყანაში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად“, – განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

2.07.15


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)