საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სახალხო დამცველის წინადადება ნაწილობრივ გაითვალისწინა
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ნაწილობრივ გაიზიარა საქართველოს სახალხო დამცველის წინადადება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის დაზარალებულად ცნობისა და მის მიმართ პოლიციის თანამშრომლების მიერ განხორციელებული შესაძლო დანაშაულის ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის პროკურატურის გამომძიებლებისთვის გადაცემის თაობაზე.
აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისის საღამოს თბილისის ცენტრიდან გაუჩინარდა. მომდევნო დღეს ის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩნდა, სადაც აზერბაიჯანის სამართალდამცავებმა დააკავეს და ბრალი წაუყენეს საზღვრის უკანონო კვეთის, დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის კონტრაბანდისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის. ჟურნალისტის განცხადებით, იგი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის, კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ქართულად მოლაპარაკე პირებმა გაიტაცეს და აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას ხელბორკილები დაადეს და სასტიკად სცემეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით (სსკ 143–1) მიმდინარეობდა გამოძიება.
საქართველოს სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ აფგან მუხთარლის მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულის ფაქტზე გამოძიების წარმოება იმავე სამინისტროს მიერ, ვერ უზრუნველყოფდა ეფექტიანი გამოძიებისთვის საჭირო დამოუკიდებლობის ხარისხს და 2017 წლის 3 ივლისს საქართველოს მთავარ პროკურორს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის პროკურატურის გამომძიებლებისთვის გადაცემის წინადადებით მიმართა. ამასთან, სახალხო დამცველის რეკომენდაციით, პროცესუალური უფლებებით სარგებლობის უზრუნველსაყოფად, აფგან მუხთარლის უნდა მინიჭებოდა დაზარალებულის სტატუსი.
2017 წლის 21 ივლისის სახალხო დამცველს საქართველოს მთავარი პროკურატურიდან წერილობით აცნობეს, რომ აფგან მუხთარლის საქმე გამოსაძიებლად საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გადაეცა. რაც შეეხება ჟურნალისტის დაზარალებულად ცნობის საკითხს, მთავარი პროკურატურის განმარტებით, ამგვარი გადაწყვეტილების მიღება მოხდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას. სახალხო დამცველი არ იზიარებს აღნიშნულ პოზიციას და მიიჩნევს, რომ სახეზეა მუხთარლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების წინაპირობები. სახალხო დამცველი აგრძელებს გამოძიების მიმდინარეობაზე ზედამხედველობას და მის ცალკეულ ასპექტებზე საკუთარ შეფასებას საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის.