ახალი ამბები

საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრევენციის ეროვნული მექანიზმების წლიური ანგარიშების კონფერენცია

2018 წლის 26 ივნისს, წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველმა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ „ციხის საერთაშორისო რეფორმა“ რეგიონული კონფერენცია გამართეს, სადაც საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრევენციის ეროვნულმა მექანიზმებმა წლიური ანგარიშები წარმოადგინეს.

ანგარიშებში ასახულია კავკასიის რეგიონის ამ 3 ქვეყანაში თავისუფლების აღკვეთისა და შეზღუდვის ადგილებში წამებისა და არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თანაგრძნობა და მხარდაჭერა გამოუცხადა ყველა იმ ადამიანს, რომელიც წამების მსხვერპლი გახდა და რომელიც დღემდე ელის სამართლიანობის აღდგენას. აქვე აღნიშნა, რომ წამების აკრძალვისა და პრევენციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წამების დანაშაულის ჩამდენ პირთა ადეკვატურად დასჯა და წამების მსხვერპლთა სამედიცინო, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისებით და სათანადო კომპენსაციით უზრუნველყოფა.

„მე პირადად შემძრა სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არსებულმა მდგომარეობამ. საავადმყოფოში, რომელშიც უზრუნველყოფილი უნდა იყოს თერაპიული გარემო, მინიმალური საცხოვრებელი პირობებიც კი არ არის. ძნელია სიტყვებით გადმოსცე ნანახი უკიდურესად მძიმე პირობები, დავიწყებული, ღირსება შელახული, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პაციენტები. აქ ხაზი უნდა გავუსვათ იმ გარემოებას, რომ არაადამიანურ და დამამცირებელ პირობებში ადამიანის მოთავსება დაუშვებელია და ვერ გამართლდება რესურსების სიმწირით. ვფიქრობ, თუ კარგად იქნება გააზრებული ადამიანის ღირსების პატივისცემის მნიშვნელობა და პრიორიტეტულობა, თუნდაც მწირი რესურსების პირობებშიც გამოინახება საშუალება მდგომარეობის უკეთესობისკენ შესაცვლელად. იმედის მომცემია ის ფაქტი, რომ უახლოეს დღეებში იგეგმება N7 პენიტენციური დაწესებულების დახურვა, რომელიც სახალხო დამცველის მიერ შეფასებულია, როგორც ადამიანის ღირსებასთან შეუთავსებელი. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მყოფი პაციენტებიც ასევე მოთავსებული იქნებიან ადამიანის ღირსებასთან თავსებად პირობებში,“ - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ნინო ლომჯარიამ.

კონფერენციაზე განიხილეს წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატიური ოქმით განსაზღვრული პრევენციის ეროვნული მექანიზმების როლი წამების პრევენციის მანდატის განხორციელებაში. დასასრულს გაიმართა დისკუსია რეგიონში არსებული გამოწვევების შესახებ.

შეხვედრას სახელმწიფო უწყებების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიება ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

26.06.18


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)