საქართველო–აშშ–ს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა
2017 წლის 23 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა საქართველო–აშშ–ს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის რიგით მე–10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრას საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე ხელმძღვანელობდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან კი თანათავმჯდომარეები იყვნენ ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბრიჯიტ ბრინმკი, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე სკოტ ბასბი და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი მარგოტ ელისი.
შეხვედრაზე სახალხო დამცველმა სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და მედიის თავისუფლების საკითხები განიხილა; ხაზგასმით ისაუბრა საკონსტიტუციო რეფორმის ხარვეზებზე, მათ შორის, შრომის უფლებების ეფექტიანი განხორციელების სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოსა და დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობაზე, რომლებიც კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტში არ ასახულა; უარყოფითად შეაფასასახალხოდამცველის საქმიანობის მარეგულირებელ მუხლში დაგეგმილიცვლილების ის ნაწილი, რომელიც ინსტიტუტის მანდატის შესუსტებას გამოიწვევს.
მედიაპლურალიზმის კონტექსტში ტელეკომპანია „რუსთავი 2-სა“ და საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებული პროცესების განხილვისას უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა, რომ აუცილებელია გამოირიცხოს ხელისუფლების მხრიდან გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხე.
სახალხო დამცველმა დადებითად შეაფასა სასამართლო სისტემაში საქმის გადანაწილების ელექტრონული სისტემის შემუშავება, რაც მის ერთ–ერთ მნიშვნელოვან რეკომენდაციას წარმოადგენდა. თუმცა, აღნიშნა, რომ მიუხედავად მართლმსაჯულების მესამე ტალღის რეფორმის არაერთი დადებითი ცვლილებისა, მაინც რჩება ხარვეზები, რომლებიც სასამართლოს დამოუკიდებლობას და რეფორმის სწორად წარმართვას უშლის ხელს.
ამერიკულმა მხარემ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას არაერთხელ გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ აშშ კვალავაც გააგრძელებს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის მხარდაჭერას.