საქართველო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად აირჩიეს
საქართველოს სახალხო დამცველი გაეროს გენერალური ასამბლეის პლენარულ სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება და საქართველოს არჩევას გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად მნიშვნელოვნად აფასებს.
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი გაეროში მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოში, ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს უკავშირებს, თუმცა აღნიშნავს, რომ პატივი რომელიც საქართველოს ერგო ქვეყანას მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს.
„მნიშვნელოვანია საქართველომ ეფექტურად შეასრულოს არა მხოლოდ გაეროს წინაშე ნაკისრი ვალდებულებები, არამედ მაქსიმალურად მიუახლოვდეს საერთაშორისო სტანდარტებს და გამოიყენოს გაეროს სისტემა ადამიანის უფლებათა დარღვევებზე რეაგირებისა და ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. საბჭოს წევრობა ახალი გამოწვევაა ქვეყნისთვის და მის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში ადამიანის უფლებათა საკითხებს პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს“, – აცხადებს სახალხო დამცველი.
ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის პლენარულ სხდომაზე საქართველო გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს წევრად 2016-2018 წლების ვადით 177 ხმით იქნა არჩეული. 2015 წლის არჩევნებში რეგიონალური პრინციპის მიხედვით გამოყოფილი იყო 18 ადგილი. საქართველო საბჭოს წევრად აირჩიეს კონკურენციის გარეშე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჯგუფისთვის გამოყოფილი ორი ვაკანტური ადგილიდან ერთ-ერთზე.
სახალხო დამცველი ულოცავს საქართველოს ამ წარმატებას და მადლობას უხდის გაეროს–წევრ სახელმწიფოებს გამოცხადებული მხარდაჭერისთვის.