საქართველო-ევროკავშირის ყოველწლიური დიალოგის მერვე შეხვედრა
2015 წლის 15 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის ყოველწლიური დიალოგის მერვე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საქართველოს სახალხო დამცველმა ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების მხრივ საქართველოში არსებული ზოგადი ვითარება მიმოიხილა და ამ მიმართულებით 2014 წლის ივნისის შეხვედრის შემდგომ პერიოდში გატარებულ ღონისძიებებზე, წინგადადგმულ ნაბიჯებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
ევროკავშირი მიესალმა სახალხო დამცველის სამსახურის მიერ გაწეულ სამუშაოს და სისხლის სამართლის პოლიტიკის გაუმჯობესების კუთხით მიღწეულ პროგრესს, წინასწარი დაკავების იზოლატორებში მდგომარეობის გაუმჯობესებას, ოჯახური ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევას, ასევე, სახალხო დამცველის საქმიანობას კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დაცვის კუთხით.
ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გაძლიერებისა და დამოუკიდებელი გამოძიების მექანიზმის შექმნისკენ მოუწოდა. ასევე ერთ-ერთი რეკომენდაცია შრომის ინსპექციის შექმნის აუცილებლობას შეეხო.
შეხვედრისას საქართველოს დელეგაციას თავმჯდომარეობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, ხოლო ევროპულ დელეგაციას - საგარეო ქმედებათა სამსახურის ადამიანის უფლებათა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დეპარტამენტის დირექტორი ელიზაბეტ ტისონი.
ადამიანის უფლებათა საკითხებზე დიალოგის მომდევნო შეხვედრა დაგეგმილია ბრიუსელში, 2016 წელს.