სამუშაო შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის გარემოს მისაწვდომობის საკითხებზე
2018 წლის 26 სექტემბერს სახალხო დამცველის აპარატში გაიმართა სამუშაო შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის გარემოს მისაწვდომობის საკითხებზე. შეხვედრას სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი თეიმურაზ ბოლოთაშვილი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მონაწილეებმა იმსჯელეს იმ ძირითად გამოწვევებზე, რომლებიც წლების მანძილზე გადაულახავ ბარიერად იქცა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და აბრკოლებს მათი დამოუკიდებელი ცხოვრების უფლების რეალიზებას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოში სივრცის მოწყობის მარეგულირებელი ნორმების გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციით დადგენილ სტანდარტთან შეუსაბამობის, ასევე მათი აღსრულებისა და ზედამხედველობის პრობლემებს.
დისკუსიის რეჟიმში იდენტიფიცირებული გარემოებების შესაბამისად დაიგეგმა სამომავლო ნაბიჯები, დასახელებული პრობლემების დროული და ეფექტიანი გადაწყვეტის ხელშესაწყობად. რაც, მათ შორის, მოიცავს რელევანტურ ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის თაობაზე პასუხისმგებელი უწყებებისადმი კონკრეტული წინადადებით მიმართვას.
უახლოეს პერიოდში სახალხო დამცველი გამოაქვეყნებს სპეციალურ ანგარიშს, რომელიც ასახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სივრცის მოწყობის მარეგულირებელი აქტების ანალიზის შედეგებს.