სამუშაო შეხვედრა „მოძალადეთა ქცევის შეცვლის პროგრამებზე პოლონეთსა და საქართველოში
2019 წლის 25 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და ფონდ Human Doc–ის თანამშრომლობით არასამთავრობო ორგანიზაციებთან და თემით დაინტერესებულ პირებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე „მოძალადეთა ქცევის შეცვლის პროგრამები პოლონეთსა და საქართველოში“ განიხილეს.
შეხვედრის გახსნაზე სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. ფონდ Human Doc–ის წარმომადგენელმა სტანისლავ ბრუდნოხმა ზოგადად განიხილა ფონდის მიერ ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მოძალადეებთან მუშაობის კუთხით დაგეგმილი და განხორციელებული საქმიანობა.
მონაწილეები გაეცნენ პოლონეთის კანონმდებლობასა და პერსპექტივებს ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის მიმართულებით. პოლონელმა ექსპერტმა ანა ვოლუშჩუკმა იმ საგანმანათლებლო და მოძალადეთა ქცევის კორექციისკენ მიმართული პროგრამების შესახებ ისაუბრა, რომლებიც პოლონეთში ხორციელდება.
საქართველოში არსებული მდგომარეობის განხილვისას აღინიშნა, რომ საქართველოში მოძალადეთა ქცევის კორექციისა და რეაბილიტაციის პროგრამებით ძირითადად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პირები და პრობაციონერები სარგებლობენ. შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს მოძალადეთა ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული პროგრამების გაფართოების, ასევე სახელმწიფოს მხრიდან ჩართულობის და მხარდაჭერის აუცილებლობას.