სამუშაო შეხვედრა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა უფლებების შესახებ
2023 წლის 19 და 20 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატმა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა უფლებების შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელშიც სხვადასხვა ფსიქიატრიული კლინიკების ექიმი-ფსიქიატრები, არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე ნებაყოფლობითი, არანებაყოფლობითი და იძულებითი ფსიქიატრიული პაციენტების უფლებების დაცვის პრობლემური საკითხები განიხილეს. კერძოდ, სტაციონარში მოთავსებული პაციენტის სხვადასხვა უფლებათა და მათ შორის, ნებაყოფლობითი მკურნალობის დროს, მკურნალობაზე უარის თქმის უფლების შეზღუდვასთან, ე.წ. „სწრაფი ტრანკვილიზაციის“ („ქიმიური შეზღუდვის“) გამოყენებასა და იძულებითი მკურნალობის საკანონმდებლო მოწესრიგებასთან დაკავშირებული საკითხები.
საქართველოს სახალხო დამცველის სტრატეგიული სამართალწარმოების სამმართველოს თანამშრომლებმა ფსიქიატრიულ პაციენტთა უფლებებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მიერ გაგზავნილი კონსტიტუციური სარჩელების მოკლე მიმოხილვა წარმოადგინეს.
შეხვედრის მონაწილეებმა ფსიქიკური პრობლემების მქონე პირის გამოკითხვის ბლანკეტური აკრძალვის აუცილებლობაზე, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის სამართლებრივი იდენტიფიცირებისა და იძულებითი მკურნალობის პრაქტიკაში არსებულ ხარვეზებზე ისაუბრეს.
დისკუსიისას შეხვედრის მონაწილეებმა სამართლებრივი და პრაქტიკული საკითხები განიხილეს და პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
სამუშაო შეხვედრა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა.