საკონსტიტუციო სასამართლომ სახალხო დამცველის სარჩელი დააკმაყოფილა
2016 წლის 14 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა, საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელი, რომელიც ეხებოდა ე.წ. „მოსმენებთან“ დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციის კონსტიტუციასთან შესაბამისობას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა საქართველოს სახალხო დამცველის პოზიცია და მიიჩნია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ რეალურ დროში პირადი ხასიათის ინფორმაციის მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობის ფლობა, ადმინისტრირება და ამ პირადი ხასიათის ინფორმაციაზე პირდაპირი წვდომის შესაძლებლობა, ინდივიდის პირადი ცხოვრების უფლებაში ჩარევის მომეტებულ რისკებს შეიცავს.
ამავდროულად, არაკონსტიტუციურად იქნა მიჩნეული მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირება და შენახვა. სასამართლომ განსაკურებული ყურადღება გაამახვილა, ამგვარი მონაცემების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიერ ფლობაზე და აღნიშნა, რომ ისეთი უწყების მიერ მონაცემების კოპირება „რომელსაც მინიჭებული აქვს გამოძიების ფუნქცია ან არის პროფესიულად დაინტერესებული ამ ინფორმაციის გაცნობით, ქმნის პირად ცხოვრებაში ჩარევის მომეტებულ საფრთხეს.“
სასამართლომ გაითვალისწინა რა, რომ სარჩელის დაკმაყოფილება გამოიწვევს ფუნდამენტურ საკანონმდებლო ცვლილებებს. გადაწყვეტილების აღსრულების „გონივრულ და საკმარის ვადად“ 2017 წლის 31 მარტი მიიჩნია.