ახალი ამბები

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს მიმართვა, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკლ პომპეოს ვიზიტის თაობაზე

მივესალმებით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკლ პომპეოს სტუმრობას. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშნველოვანია საქართველოში ვიზიტის განხორციელების ერთ-ერთი საფუძველი - რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერა.

ვსარგებლობთ შემთხვევით და გვინდა მადლობა გადავუხადოთ ამერიკის შეერთებული შტატების ხალხსა და მთავრობას მთელი ამ წლების განმავლობაში, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და მთლიანობის, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვის, კეთილდღეობის განმტკიცებისა და განვითარებისკენ მიმართული დიდი ძალისხმევის გამო, ასევე იმის გამო, რომ მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში აშშ მტკიცედ უჭერს მხარს რელიგიის თავისუფლებასა და ტოლერანტობას

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო, რომელიც 2005 წელს დაფუძნდა და 32 რელიგიური გაერთიანებაა გაწევრიანებული, წლებია, რელიგიური ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით, იცავს რელიგიის თავისუფლებასა და ტოლერანტული ურთიერთობების ღირებულებებს. ამ საქმიანობაში ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას.

ერთობლივი ძალისხმევის გაწევით, ჩვენ მივაღწიეთ არა ერთ წარმატებას, ამ კუთხით განხორციელდა არა ერთი სასიკეთო ცვლილება, მაგრამ, ასევე დარჩა ბევრი გადაულახავი პრობლემა, მათ შორის სისტემური დისკრიმინაცია და აგრესიული, შეუწყნარებელი გარემო.

დარწმუნებული ვართ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერასა და, მათ შორის, საქართველოში რელიგიის თავისუფლებისა და ტოლერანტობის კულტურის განვითარების კუთხით არ დაიშურებს ძალისხმევას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)