სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს შეხვედრა შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან
2019 წლის 20 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ქეთევან ციხელაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრის აპარატმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის 2018 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში და 2019 წლის პრიორიტეტები წარმოადგინა.
ღონისძიების გახსნაზე ნინო ლომჯარიამ საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლების წინაშე მდგარი გამოწვევები მიმოიხილა, რომელთა შესახებ სახალხო დამცველის ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშებში მუდმივად არის საუბარი.
სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ ძირითადი პრობლემის – ინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად, კვლავინდებურად აუცილებელია სამოქალაქო და პოლიტიკურ ცხოვრებაში ეროვნულ უმცირესობების წარმომადგენელთა სრულფასოვანი მონაწილეობის უზრუნველყოფა, თანაბარი სოციალური და ეკონომიკური პირობებისა და შესაძლებლობების შექმნა, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა და სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესება; სახელმწიფო უწყებების მუშაობის გააქტიურება ეროვნულ უმცირესობათა კულტურის შენარჩუნებისა და ტოლერანტული გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით.
საბჭოს წევრები ასევე დაინტერესდნენ მცირერიცხოვან და მოწყვლად ეთნიკურ უმცირესობათა მხარდაჭერის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებებით, მედიასა და ინფორმაციზე ხელმისაწვდომობის, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისა და სხვა აქტუალური საკითხებით.
ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) პროგრამა – „ტოლერანტობის სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერა“.