სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს განცხადება
სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო ეხმიანება საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტში გამართული შეხვედრის დროს დეპუტატების მიერ 2019 წლის 26 თებერვალს გაკეთებულ განცხადებებს.
სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო მიესალმება და ძალიან მნიშვნელოვნად აფასებს საქართველოს პარლამენტის წევრების და სხვა სახელმწიფო მოხელეების მიერ საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების განათლების, კულტურის და იდენტობისთვის დამახასიათებელ სხვა მნიშვნელოვან ელემენტებზე მზრუნველობის დაწყებას. მაგრამ ამავე დროს აღნიშნავს, რომ კომიტეტის სხდომაზე გამოთქმული ცალკეული გამონათქვამები (რაც მედიით გავრცელდა და პარლამენტის ვებ-გვერდზე განთავსდა), წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან და საქართველოს სახელმწიფოს მიერ სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით წლების განმავლობაში გაცხადებულ თანასწორუფლებიანობის პრინციპებთან, ინტეგრაციის პოლიტიკასთან და „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმასთან“.
სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო მიიჩნევს, რომ ჩვენი ქვეყნის სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა, პოლიტიკურმა ჯგუფებმა, საზოგადოებამ და მოქალაქეებმა სიღრმისეულად გაითავისონ ეთნიკური წარმოშობის მიუხედავად საქართველოს მოქალაქეთა თანასწორობისა და ინტეგრაციის აუცილებლობა და ამავდროულად ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებმა სრულად მოახდინონ საქართველოს სახელმწიფოსთან თავისი მოქალაქეობრივი იდენტიფიკაცია. აღნიშნულის მიღწევას გარკვეულწილად ხელს უშლის ისეთი გამონათქვამები, რომელიც საქართველოს ეროვნულ უმცირესობებს განიხილავს, არა როგორც ჩვენი ქვეყნის თანასწორ და თანაბარუფლებიან მოქალაქეებს, რომელთა უფლებების დაცვაზე საქართველოს სახელმწიფოს აქვს აღებული სრული პასუხისმგებლობა, არამედ როგორც სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში თუნდაც ძალიან პოზიტიური შედეგების მიღწევის ერთგვარ ინსტრუმენტს და ბარომეტრს, რომლის უფლებების დაცვის საკითხშიც, გარკვეულწილად უფლებათა ნაცვალგების პრინციპი შემოდის.
საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო მიიჩნევს, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების დაცვის უფრო მაღალ სტანდარტებზე გადასვლა უნდა განხორციელდეს სართაშორისო სამართლის ნორმებზე დაყრდნობით.