ახალი ამბები

სახალხო დამცველმა სურამის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი მოინახულა

2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და სახალხო დამცველის მოადგილემ ირინე ჩიხლაძემ სურამში მდებარე შპს აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი მოინახულეს, დაათვალიერეს დაწესებულების ინფრასტრუქტურა და გაესაუბრნენ ბენეფიციარებსა და სამედიცინო პერსონალს.

გამოიკვეთა, რომ 89 ბენეფიციარზე გათვლილი დაწესებულება გადატვირთულია; მძიმე სანიტარულ-ჰიგიენური პირობები ღირსების შემლახავ პირობებში აყენებს ბენეფიციარებს. წვიმიან ამინდში, განსაკუთრებით, ზამთარში, სუფთა ჰაერზე გასვლის პრობლემა დგას, რასაც კიდევ უფრო ამძაფრებს სეზონის შესაბამისი ტანსაცმლის სიმცირე. მოსაწევი სივრცე ცალკე გამოყოფილი არ არის და თამბაქოს სუნი მთელს შენობაში დგას.

ხაზგასასმელია, რომ პაციენტებს არ აქვთ ინფორმაცია თუ რა სახის მკურნალობა უტარდებათ დაწესებულებაში. სახალხო დამცველისთვის ასევე, სტაციონარში ხანგრძლივი დაყოვნების შემთხვევების შესახებაც გახდა ცნობილი.

სახალხო დამცველი მუდმივად ატარებს საქართველოში მოქმედი ფსიქიატრიულ-სტაციონარული დაწესებულებებისა და სხვა სახის დახურული ინსტიტუციების მონიტორინგს და მათ მდგომარეობას დეტალურ ასახავს სპეციალურ და წლიურ ანგარიშებში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)