ახალი ამბები

სახალხო დამცველმა სტაჟირების არსებული წესი სოციალური მდგომარეობის ნიშნით დისკრიმინაციის წამახალისებლად მიიჩნია

2020 წლის 20 ივლისს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს მიმართა ზოგადი წინადადებით, მოამზადოს საკანონმდებლო ცვლილებები საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი სტაჟირების დანერგვის და სტაჟიორებისთვის უფრო ფართო დასაქმების შესაძლებლობის მიცემის მიზნით.

ზოგადი წინადადების საფუძველი გახდა სამაგისტრო პროგრამის სტუდენტის განცხადება, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი რეგიონიდან ჩამოვიდა და სტაჟირებას თბილისში გადიოდა, თუმცა, ვინაიდან აღნიშნული არ იყო ანაზღაურებადი, იგი იძულებული გახდა სტაჟირება შეეწყვიტა და მის პროფესიასთან შემხებლობაში არმყოფ სამუშაოზე დასაქმებულიყო.

სახალხო დამცველი ხაზს უსვამს სტაჟირების მნიშვნელობას ახალგაზრდების პროფესიული უნარების განვითარებისთვის და მიუთითებს რომ საქართველოში არსებული სისტემა ხელს უწყობს იმ პირთა სოციალურ გარიყვას, რომელთაც, ფინანსური თვალსაზრისით არ აქვთ აუნაზღაურებელი სტაჟირების და შესაბამისად, პროფესიული განვითარების ადრეული ეტაპიდან დაწყების საშუალება.

სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოში არსებული სტაჟირების სისტემა უმოკლეს დროში გახდება ყველა სოციალური მდგომარეობის მქონე პირზე მორგებული.

მიმაგრებული ფაილები

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)