ახალი ამბები

სახალხო დამცველმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვნის მიმართ დისკრიმინაცია დაადგინა

საქართველოს სახალხო დამცველმა შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით ირიბი დისკრიმინაციის დადგენის შესახებ რეკომენდაციით მიმართა შპს „ნიუტონის რობოტიკის სკოლის“ დირექტორს, რადგან სკოლის ერთ-ერთ მოსწავლეს უარი უთხრეს შეთანხმებულ მომსახურებაზე - მონაწილეობა მიეღო საგანმანათლებლო, სოციალურ საზაფხულო სკოლაში.

არასრულწლოვანს, შეზღუდული შესაძლებლობიდან გამომდინარე, გაუჭირდებოდა უცხო ადგილას მარტო ყოფნა, ხოლო სკოლის ადმინისტრაციის პოზიციით, საზაფხულო სკოლაში არ იყო გათვალისწინებული მისი საჭიროება - თან გაჰყოლოდა ბებია.

სახალხო დამცველმა შეისწავლა მხარეთა მიერ წარმოდგენილი წერილობითი პოზიციები და ზეპირად დაფიქსირებული გარემოებები და დაადგინა, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციით არ დასტურდება, რომ არასრულწლოვნის საჭიროების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სკოლას გადამეტებული ფინანსური ტვირთი დაეკისრებოდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა მოუწოდა შპს „ნიუტონის რობოტიკის სკოლის“ დირექტორს მომავალში, ნებისმიერი საქმიანობის განხორციელებისას, გაითვალისწინოს მის მიერ შეთავაზებული მომსახურების მიმღებ პირთა განსხვავებული საჭიროებები და უზრუნველყოს მომსახურებით თანასწორად სარგებლობის შესაძლებლობა.

მიმაგრებული ფაილები

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება