ახალი ამბები

სახალხო დამცველმა სავარაუდო ვიქტიმიზაციის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

2021 წლის 9 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულთა სავარაუდო ვიქტიმიზაციის ფაქტთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

სარჩელის თანახმად, სს „თელასში“ დასაქმებული მოსარჩელე, კომპანიის სხვა თანამშრომლებისგან განსხვავებით, ვერ სარგებლობს დანამატით, ვინაიდან, „თელასის“ შიდა რეგულაციით განსაზღვრულია, რომ მუშაკს, კომპანიის წინააღმდეგ შრომის დავების წარმოების შემთხვევაში დანამატი არ ერიცხება.

სასამართლოსთვის წარდგენილ მოსაზრებაში სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა, რომ, მნიშვნელოვანია, სასამართლომ შეაფასოს, წარმოადგენს თუ არა სს „თელასის“ მიერ დაწესებული შეზღუდვა, შრომითი უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალების გამოყენების შემზღუდავ გარემოებას, რამდენადაც, დასაქმებულს უწევს არჩევანი გააკეთოს ორ უფლებას შორის - ისარგებლოს შრომითი უფლებების სასამართლოს გზით დაცვის უფლებით თუ მიიღოს დანამატი.

სახალხო დამცველის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია, სასამართლომ ასევე იმსჯელოს, მსგავსი რეგულაცია ხომ არ ახდენს ე.წ. „მსუსხავ ეფექტს“ დასაქმებულებზე, რომლებიც მოსალოდნელი სანქციის შიშით, იძულებულნი არიან თავი შეიკავონ თავიანთი უფლებების სასამართლოს გზით დაცვის შესაძლებლობის გამოყენებისგან,

სასამართლოს მეგობრის მოსაზრება მიზნად არ ისახავს რომელიმე მხარის პოზიციის მხარდაჭერას და ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა სამართლის სტანდარტებზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ტელ: 291 38 14 ცხელი ხაზი: 1481 (24/7)