ახალი ამბები

სახალხო დამცველმა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ფილიალში ქალი ექსპერტის არარსებობა ძალადობის მსხვერპლი ქალის მიმართ დისკრიმინაციად მიიჩნია

2020 წლის 21 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა სქესის ნიშნით ირიბი დისკრიმინაცია დაადგინა, ვინაიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალს ორჯერ ჩაუტარდა ექსპერტიზა სამხარაულის ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტში მამაკაცი ექსპერტების მიერ, ვინაიდან ქალი ექსპერტები არ ჰყავდათ. განმცხადებლის ინტერესებს სახალხო დამცველის აპარატში „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)“ წარმოადგენდა.

სახალხო დამცველის შეფასებით, სექსუალური ძალადობის მსხვერპლის თუნდაც არაპირდაპირ იძულება, შეამოწმოს სხვა სქესის ექსპერტმა, არის გენდერულად არამგრძნობიარე მიდგომა და გასათვალისწინებელია, რომ სექსუალური ძალადობა გამოვლილი ქალების უმრავლესობისათვის არ იქნება სასურველი. სწორედ ტრავმულ გამოცდილებაზე საუბრობდა განმცხადებელი თავის წერილობით ახსნა-განმარტებაში და ხაზს უსვამდა მისი ემოციური მდგომარეობის სიმძიმეს.

საკითხის პრობლემურობას ასევე ადასტურებს სახალხო დამცველის ბოლოდროინდელი კვლევა, რომელმაც გამოკვეთა, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლისთვის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის გავლა ხშირად ტრავმული პროცედურაა. სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალები სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებისას, რიგ შემთხვევაში, აწყდებიან არასენსიტიურ, ღირსების შემლახველ და გენდერულ სტერეოტიპებზე დამყარებულ მიდგომას, რაც აზიანებს მათ მონაწილეობას მართლმსაჯულების პროცესში და ახდენს მსხვერპლის მეორეულ ვიქტიმიზაციას. სექსუალური ძალადობის მსხვერპლები, ხშირად, ექსპერტიზაზე უარს ამბობენ ექსპერტების სქესის გამო.[1]

აღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მოუწოდა სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს: დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტში ქალი ექსპერტებიც დაასაქმოს; მომავალში, საქმიანობის წარმართვისას, გაითვალისწინოს ექსპერტიზის მიმღებ პირთა განსხვავებული საჭიროებები; ასევე ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლებისთვის, რომელთაც ევალებათ სექსუალური ძალადობის შემთხვევაში ექსპერტიზის ჩატარება, უზრუნველყოს სექსუალური ძალადობის მსხვერპლთან კომუნიკაციის ფსიქოლოგიურ ასპექტებზე სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება.


[1] იხ. საქართველოს სახალხო დამცველის კვლევა: https://rm.coe.int/-web/1680a0a414.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)