ახალი ამბები

სახალხო დამცველმა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიში წარმოადგინა

2022 წლის 31 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს 2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. მოკლედ წარმოგიდგენთ ანგარიშის ძირითად მიგნებებს იმის თაობაზე, თუ რა საყურადღებო ტენდენციები გამოიკვეთა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით, რაც ხელისუფლების მხრიდან სათანადო და დროულ რეაგირებას საჭიროებდა.

2021 წელს ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა, მეტიც, რიგი მიმართულებებით მნიშვნელოვანი გაუარესებაც კი შეინიშნებოდა.

2021 წელი გამოირჩეოდა ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით, რომელიც ხელყოფდა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველი/პასუხისმგებელი სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობას. 2021 წელს გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. სახალხო დამცველის შეფასებით, ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებების მიზანი დამოუკიდებელ ორგანოს საქმიანობაში ჩარევა და მასზე ზეგავლენის მოხდენა იყო; ასევე, მიღებულ იქნა სხვა საკანონმდებლო ცვლილებებიც, რაც მკვეთრად აუარესებს საქართველოში მოსამართლეთა დამოუკიდებლობის ხარისხს, მართლმსაჯულების სისტემისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების მდგომარეობას, ასევე, ადგილი ქონდა სახალხო დამცველის წარმომადგენლებისთვის საქმიანობის ხელშეშლის და სახალხო დამცველის მიმართ სიტყვიერი თავდასხმებისა თუ მუქარის ფაქტებს.

2021 წლის 30 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლითაც გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. დაჩქარებული წესით - 4 დღის ვადაში კანონპროექტის განხილვამ შეუძლებელი გახადა საზოგადოების არსებითი ჩართულობა განხილვის პროცესში. მეტიც, კანონპროექტის მომზადებაში, არათუ დაინტერესებული ორგანიზაციები, არამედ სახელმწიფო ინსპექტორიც კი არ ყოფილა ჩართული. სახალხო დამცველის შეფასებით, ასეთი ცვლილებები უნდა განხორციელებულიყო ღია და გამჭვირვალე პროცესის ფარგლებში, არსებითი, ფართო დებატებით, სამოქალაქო საზოგადოებისა და თავად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩართულობით. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები უარყოფითად შეაფასა ეუთო/ოდირმაც.

2021 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კიდევ ერთი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც საფრთხე შეექმნა მოსამართლეთა ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას. გასულ წელს ხელისუფლებამ უარი თქვა სასამართლო სისტემაში ფუნდამენტური რეფორმის განხორციელებაზე და უზენაესი სასამართლოს სრულად დაკომპლექტების პროცესიც სახალხო დამცველის, ეუთო/ოდირის და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად გააგრძელა და დაასრულა. მართლმსაჯულების სფეროში შეუსრულებელი ვალდებულების გამო 2021 წლის სექტემბერში ევროკავშირმა დამატებითი 75 მილიონი ევროს მაკროფინანსური დახმარება საქართველოს არ გადმოურიცხა.

როდესაც ვსაუბრობთ დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე, სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კითხვის ნიშნებს აჩენს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. განსაკუთრებულ აღნიშვნას საჭიროებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით მიღებული საოქმო ჩანაწერი, რომლითაც გაუგებარი და დაუსაბუთებელი არგუმენტებით სასამართლომ არ შეაჩერა დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყების გაუქმების პროცესი. აღნიშნული ეწინააღმდეგება ეუთო/ოდირის მოსაზრებებს, რომლის მიხედვითაც, აუცილებელი იყო მიღებული კანონის მოქმედების შეჩერება.

ქვეყანაში სისხლის სამართლის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი საქართველოს პროკურატურაა. პოლიტიკურად ნეიტრალური პროკურატურის სისტემის ჩამოყალიბება მთავარ გამოწვევად რჩება. სახალხო დამცველის შეფასებით, პროკურატურის მიერ წარმოებული არაერთი საქმის გამოძიების პროცესში გამოვლინდა მნიშვნელოვანი ხარვეზები, რომლებიც არ შეესაბამება ეფექტიანი გამოძიების კრიტერიუმებს. მაგალითად, ასეთია ე.წ. კარტოგრაფების საქმე, სადაც გამოძიების დაწყებასა და მიმდინარეობას აშკარა პოლიტიკური ელფერი აქვს და საქმეშიც მძიმე სამართლებრივი ხარვეზები იკვეთება. სახალხო დამცველი გენერალური პროკურატურის რეფორმის საჭიროებაზე მუდმივად ამახვილებს ყურადღებას როგორც გასული წლების, ასევე, წინამდებარე 2021 წლის საპარლამენტო ანგარიშში.

ადამიანის უფლებების დასაცავად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველს, როგორც დამოუკიდებელი მონიტორინგის განმახორციელებელ ორგანოს, საქმიანობის თავისუფლად წარმართვის შესაძლებლობა ჰქონდეს. სამწუხაროდ, სახალხო დამცველის წარმომადგენლები, 2020 წლის მსგავსად, 2021 წლის დასაწყისშიც გახდნენ არაერთი სიტყვიერი თავდასხმის ობიექტები სხვადასხვა პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე. ჩვენ გავეცანით თავდასხმის დღეს პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე დაარქივებულ ვიდეომასალას, რომელიც ცალსახად ადასტურებს, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულების მიმართ პატიმრების მცირე ჯგუფის მხრიდან განხორცილებული უკანონო ქმედებები პირდაპირ ან ირიბად, ციხის ადმინისტრაციის მხრიდან იყო ორგანიზებული. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება პროკურატურაში, თუმცა ამ დრომდე დანაშაულში მონაწილე კონკრეტული პირების ბრალეულობა გამოკვეთილი კვლავ არ არის.

ბოლო წლებში ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების სივრცის უფრო მეტად შეზღუდვის ტენდენცია შეინიშნება. შემაშფოთებელია ის საფრთხის შემცველი და მტრული გარემო, რომელშიც ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებს და უფლებადამცველებს უწევთ საქმიანობა. 2021 წელს გაიზარდა კრიტიკული მედია საშუალებების წარმომადგენელთა მიმართ ფიზიკური თავდასხმის შემთხვევები, მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდში. ჩვეულ პრაქტიკად ჩამოყალიბდა პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან ჟურნალისტების, განსაკუთრებით კი კრიტიკული მედიის წარმომადგენელთა მიმართ ცინიკური და აგდებული დამოკიდებულება, სახელმწიფო უწყებების ღონისძიებებზე კრიტიკული მედიის წარმომადგენლების დაუშვებლობა და მათი დისკრედიტაციისკენ მიმართული განცხადებები.

გამოხატვის თავისუფლების დაცვა პირდაპირ კავშირშია შეკრების უფლების შეუფერხებელ რეალიზაციასთან. გასული წლების მსგავსად, სამართალდამცავები შეკრებების მართვისა და დაშლის შემთხვევაში იყენებდნენ არაპროპორციულ ძალას, შეკრების მონაწილეთა ადმინისტრაციული დაკავებების შემთხვევები მეტწილად ვერ პასუხობდა აუცილებლობის მოთხოვნას და შეკრების თავისუფლებაში დაუსაბუთებელი ჩარევის სახეს იღებდა. საგულისხმოა, რომ ამდაგვარ ჩარევას და სახელმწიფოს მხრიდან ძალის გამოყენებას ადგილი ჰქონდა ოპოზიცურად განწყობილი პირების, სამოქალაქო აქტივისტებისა და უფლებადამცველების მიერ ორგანიზებული შეკრებების დროს, ხოლო ულტრა მემარჯვენე მოძალადე ჯგუფების მიერ ორგანიზებულ შეკრებების მართვის მიმართ სახელმწიფოს რეაგირება გაცილებით ლმობიერი იყო. შეკრებების დროს უფლებაში დაუსაბუთებელი ჩარევისთვის კვლავ გამოიყენებოდა დღევანდელ კონსტიტუციურ წესრიგთან შეუთავსებელი 1984 წელს მიღებული ადმინისტარციულ სამართალდარღვევათა კოდექსი. გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ სამართალდარღვევათა კოდექსის რამდენჯერმე დაანონსებული რეფორმის ჩავარდნის მიზეზი ადამიანის უფლებების სტანდარტების შეუსაბამო მექანიზმების დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებაა, რაც სამართალდამცავ ორგანოებს, ისევე როგორც სასამართლოს უმარტივებს ადამიანის უფლებათა შესაბამისი სტანდარტების გვერდის ავლით მიიღონ შეკრების მონაწილეთა მიმართ უფლება შემლახავი გადაწყვეტილებები.

2021 წელს მოხდა 5 ივლისი, ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამწუხარო დღე, როდესაც ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ფაქტიურად არ ფუნქციონირებდა. 5 ივლისის მოვლენები ცხადყოფს, რომ ხელისუფლებამ არამხოლოდ ვერ აღკვეთა ჟურნალისტების, ლგბტ+ თემის, მათი აქტივისტებისა და, ზოგადად, მოქალაქეების მიმართ ძალადობა, რამაც მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე რეალური საფრთხის წინაშე დააყენა, არამედ, მეტიც, მაღალი თანამდებობის პირთა წინმსწრებმა დისკრიმინაციულმა განცხადებებმა აღნიშნული ძალადობა წააქეზა. საყურადღებოა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებაში, რომელიც 2013 წლის 17 მაისს, თბილისში, ლგბტ თემისა და მხარდამჭერების მიმართ განხორციელებულ თავდასხმებს შეეხებოდა, სასამართლომ აღნიშნა, რომ 2013 წლის 17 მაისს განხორციელებული ძალადობის მასშტაბებზე სწორედ ხელისუფლების უმოქმედობამ და ლგბტ+ თემზე წარსულში განხორციელებული თავდასხმის ფაქტებთან მიმართებით სახელმწიფოს მიერ დროული და ობიექტური გამოძიების ჩაუტარებლობამ მოახდინა ზეგავლენა.

სამწუხაროდ, 5 ივლისს მომხდარ მსგავს მასშტაბურ ძალადობრივ ფაქტებთან მიმართებით საქართველოს პროკურატურას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და წახალისების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა არცერთი პირის მიმართ არ დაუწყია, მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის შეფასებით, საჯაროდ გავრცელებული მტკიცებულებები, სულ მცირე, 2 პირის მიმართ შესაბამისი ბრალის წარდგენის სტანდარტს აღწევს. ეს კიდევ უფრო ამძაფრებს დაუსჯელობის გარემოს და ცხადია კიდევ უფრო მეტად ახალისებს ლგბტ+ თემის წარმომადგენლების, აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობას, რაც გამოძახილია ხელისუფლების მიერ გატარებული ზემოაღნიშნული პოლიტიკის.

ქვეყანაში დემოკრატიული სივრცის შეზღუდვის ფონზე, საგანგაშო იყო 13 სექტემბერს სამოქალაქო სექტორის, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების, სასულიერო პირების და დიპლომატების მიმართ თვალთვალის და მიყურადების მასალების გაჟონვა. გავრცელებული ფაილები პირადი ცხოვრების ამსახველ, სავარაუდოდ, უკანონო მოსმენებისა და თვალთვალის შედეგად მოპოვებულ აქამდე უპრეცედენტო რაოდენობის მონაცემს შეიცავს. გარდა ამისა, მასალები სავარაუდოდ შეიცავს არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის, დანაშაულის სავარაუდო შეუტყობინებლობისა და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს.

სახალხო დამცველის შეფასებით, უკანონო მიყურადება-თვალთვალის მიზანი მადისკრედიტირებელი ინფორმაციის შეგროვება და გავრცელებაა. სავარაუდოდ უკანონო და ფართომასშტაბიანი მიყურადება-თვალთვალი ქვეყანაში ტოტალური კონტროლის საფრთხეებს აჩენს. მას მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენის მოხდენა შეუძლია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესის თითოეულ ეტაპზე, რაზეც, სამწუხაროდ, ინსტიტუციური ზედამხედველობა და კონტროლი არ ხორციელდება.

ქვეყანაში პოლიტიკური უფლებების დაცვის სტანდარტის გაუარესება საარჩევნო უფლების რეალიზაციაზეც აისახა. სამწუხაროდ, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები თავისუფალ და თანასწორ გარემოში არ წარიმართა. განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური ნიშნით პირთა შრომის თავისუფლებაში ჩარევის სამწუხარო ტენდენცია გამოიკვეთა როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა ნათლად გამოავლინა, რომ საჯარო სამსახურის რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი - დეპოლიტიზება ვერ იქნა მიღწეული. სახალხო დამცველის აპარატის ხელთ არსებული ინფორმაციით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობების წინასაარჩევნო პერიოდში სავარაუდოდ დისკრიმინაციულად, პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს ან სამსახურებრივად შეავიწროეს 69 პირი. სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა ასევე 4 შემთხვევა, როდესაც საჯარო სკოლების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებს შრომითი ხელშეკრულება შესაძლო პოლიტიკური მოტივით არ გაუგრძელეს. შემაშფოთებელია, რომ პირების სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი ზოგიერთ შემთხვევაში მათ მიერ სოციალურ ქსელებში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი ან სიმპათიის გამომხატველი პოსტების ან უბრალოდ ხელისუფლებისთვის კრიტიკული კომენტარების განთავსება იყო.

წლების განმავლობაში უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა. სამწუხაროდ, პენიტენციური სისტემა პატიმრების სხვადასხვა მეთოდით გაჩუმებაზეა ორიენტირებული. ამ მხრივ უმთავრესი პრობლემაა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული არაფორმალური მმართველობა, რომელიც პატიმართა გაჩუმებას, პრობლემებზე საუბრის აკრძალვასა და დაწესებულებებში მოჩვენებითი წესრიგის შენარჩუნებას ისახავს მიზნად. ძალადობის მსხვერპლი პატიმრები ხშირად, მოსალოდნელი ანგარიშსწორების თავიდან არიდების მიზნით, დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სამედიცინო პერსონალთან მიღებული დაზიანებების წარმოშობის რეალურ მიზეზებზე არ საუბრობენ. კრიმინალური სუბკულტურის გავლენით პატიმრები საჩივრების გაგზავნისგანაც იკავებენ თავს. აღნიშნულს სახალხო დამცველის აპარატში ნახევრად ღია პენიტენციური დაწესებულებებიდან წლიდან წლამდე საჩივრებით მომართვიანობის კლების ტენდენციაც ადასტურებს. არის შემთხვევები, როდესაც პატიმრებს პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაცია დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკნებში კანონით გათვალისწინებული საფუძვლების გარეშე, დასჯის მიზნით, ხანგრძლივად ათავსებენ. სახალხო დამცველის შეფასებით, აღნიშნული არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას უტოლდება.

მინდა პატიმრების მნიშვნელოვან პრობლემაზე - პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე ვისაუბრო. ადგილობრივი საბჭოები, რომლებიც პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხებზე მუშაობენ, ხშირად იდენტური მოცემულობების საქმეებში განსხვავებულ გადაწყვეტილებას იღებენ. გადაწყვეტილებების სამოტივაციო ნაწილი კი შაბლონური, ფორმალური ხასიათისაა და არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას. არავინ იცის ერთი პატიმარი რატომ გაათავისუფლეს, მაშინ როცა იგივე მოცემულობის საქმეებში სხვა პატიმრის მიმართ უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღეს. პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე რამდენიმეწლიანი დაკვირვება ნათლად გვაჩვენებს რომ გადაწყვეტილებების მიღება არ ეფუძნება ლოგიკას და კანონის მოთხოვნებს.

აქვე მინდა მოვუწოდო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და მთავრობას, რომ დროულად გაასაჯაროოს წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის 2021 წლის ვიზიტის ანგარიში, სადაც კომიტეტის შეფასებები და რეკომენდაციები უნდა იყოს ასახული საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

წლებია გადაუჭრელ პრობლემად რჩება დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი. აღნიშნული პრობლემურია როგორც ფსიქიატრიული დაწესებულებების, ისე დიდი ზომის ბავშვთა და შშმ პირთა დაწესებულებების შემთხვევაში. კერძოდ, კვლავ გამოწვევას წარმოადგენს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მოთავსებული პაციენტების ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაცია. პაციენტები, რომლებიც აქტიურ მკურნალობას არ საჭიროებენ, სათემო სერვისების სიმწირის და იმის გამო, რომ წასასვლელი არსად აქვთ, დაწესებულებას ვერ ტოვებენ.

გასულ წელს ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებათა სისტემური დარღვევები, არასრულწლოვანთა მიმართ წლების განმავლობაში დამამცირებელი, არაადამიანური და წამებასთან გათანაბრებული მოპყრობა, ბავშვების მიმართ სავარაუდო სექსუალური ხასიათის დანაშაულის ნიშნები გამოვლინდა. სახალხო დამცველი წლების განმავლობაში მიუთითებდა, რომ მნიშვნელოვნად ფერხდებოდა მონიტორინგი ნინოწმინდის სკოლა-პანსიონში, რაც საფრთხის ქვეშ აყენებდა პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვნების უფლებრივი მდგომარეობის დაცვის საკითხს და ზრდიდა პანსიონებში ისედაც არსებული მაღალი ინსტიტუციური ძალადობის რისკს, თუმცა, სამწუხაროდ, სახელმწიფომ პანსიონებში მოთავსებული ბავშვების უფლებების დასაცავად ქმედითი ნაბიჯები არ გადადგა. მეტიც, მნიშვნელოვანი და არსებითი ხარვეზები გამოვლინდა ნინოწმინდის პანსიონში ბავშვების მიმართ განხორციელებული სავარაუდო დანაშაულების ფაქტების გამოძიების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ რიგ შემთხვევებში სისხლის სამართლის საქმის გამოძიება 2016 წელს დაიწყო, გამოძიება დღემდე გრძელდება და პასუხისგებაში არავინ მიცემულა.

წლების განმავლობაში ნარჩუნდება გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების (ფემიციდის) კუთხით არსებული გამოწვევები; ფემიციდისა და ფემიციდის მცდელობის შემთხვევების კლების ტენდენცია კვლავ არ შეინიშნება. სამწუხაროდ, წინა წლებთან შედარებით, გაზრდილია ქალთა თვითმკვლელობამდე და თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის შემთხვევების რაოდენობა. 2021 წელს ქალის მკვლელობის 22, ხოლო ქალის მკვლელობის მცდელობის 31 ფაქტი გამოვლინდა.

ქვეყანაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ადამიანთა უფლებრივ მდგომარეობაზე უარყოფით გავლენას ახდენს. სიღარიბე კვლავ რჩება ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის მდგომარეობით, საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი 21.3%-ია (დაახლოებით 800 ათასი ადამიანი). აღნიშნული მონაცემი 2018-2019 წლებთან შედარებით გაზრდილია. კერძოდ, 2019 წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი 20.1%, 2018 წელს კი - 19.5% იყო. საქართველოში 2021 წლის იანვრიდან დეკემბრამდე პერიოდში საარსებო შემწეობის მიმღები ბავშვების რიცხვი გაიზარდა. კერძოდ, 2021 წელს საარსებო შემწეობის მიმღები ბავშვების რაოდენობრივი მაჩვენებელი იყო 235 252, როცა 2020 წელს აღნიშნული რიცხვი 186 131-ს შეადგენდა. სამწუხაროდ, სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ქვეყანაში არასაკმარისი მიზნობრივი სახელმწიფო სერვისებია.

მძიმეა შშმ, უსახლკარო და ხანდაზმულ პირთა, დევნილთა და კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გადაუჭრელი საკითხია შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მინიჭების სამართლიან სისტემაზე გადასვლა, რომელიც გარდა სამედიცინო ჩვენებისა, ყურადღებას გაამახვილებს პირის ფსიქოლოგიურ და სოციალურ ფაქტორებზე. მოქმედი მოდელის მიხედვით განსაზღვრული სოციალური პაკეტის ოდენობა, გარდა იმისა, რომ არ არის მორგებული შშმ პირების ინდივიდუალურ საჭიროებებზე, მინიმალურადაც ვერ უზრუნველყოფს მათ დაკმაყოფილებას. კვლავ პრობლემურია სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სერვისების გეოგრაფიული დაფარვაც. ქვეპროგრამები კვლავ არ ეფუძნება სტატისტიკურ და კვლევით მონაცემებს. ნეგატიურად უნდა შეფასდეს 2021 წელს მულტიპროფილურ საავადმყოფოებში მოქმედი სტაციონარული და ამბულატორიული ფსიქიატრიული განყოფილებების დახურვის ფაქტიც. საანგარიშო პერიოდში მისასალმებელია, რომ საქართველოს პარლამენტმა მოახდინა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება. ასევე დადებითად უნდა შეფასდეს საქართველოს მთავრობის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნა.

სამწუხაროდ, წინა წლების მსგავსად, არ არსებობს უსახლკარო პირის სრულფასოვანი საკანონმდებლო განმარტება და სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციისთვის აუცილებელი ჩარჩო კანონმდებლობა. ქვეყანაში დღემდე არ არსებობს უსახლკარო პირთა ერთიანი, ხოლო რიგ მუნიციპალიტეტებში - ადგილობრივ მონაცემთა ბაზები. თითოეულ მუნიციპალიტეტს უსახლკარო პირებთან მიმართებით განსხვავებული სტანდარტი და მიდგომა აქვს. დადებითად უნდა აღინიშნოს თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და საცხოვრისის სერვისით დაკმაყოფილების წესი, რაც სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით, გამონაკლისია.

2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტებიდან ბევრად ნაკლები დევნილი ოჯახი განსახლდა. დღემდე არ შემუშავებულა ე.წ. ნგრევად შენობებში მცხოვრებ დევნილთა განსახლების სპეციალური წესები, სახელმწიფო არ ახორციელებს მძიმე მდგომარეობაში მყოფი შენობების მდგრადობის პროაქტიულ შემოწმებას.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამწუხაროდ, გრძელდება მოქალაქეთა უკანონო დაკავებებისა და არასათანადო მოპყრობის პრაქტიკა. ასევე, გრძელდება უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესი. 2019 წლის 4 სექტემბრიდან, ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით დე ფაქტო ხელისუფლებამ სრულად ჩაკეტა ე.წ. გამშვები პუნქტი; შედეგად ამ ტერიტორიაზე დღემდე მწვავე მდგომარეობა და ჰუმანიტარული კრიზისია. უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება ოკუპირებულ რეგიონებში მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის საკითხი, რის გამოც, ორივე რეგიონში ყოველწლიურად იკლებს მოსწავლეთა რაოდენობა. ქართულ ენაზე სწავლის გაგრძელების მიზნით, მშობლებს მუდმივი საცხოვრებლის დატოვება და შვილების საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში გადმოყვანა უწევთ.

კვლავ გამოწვევად რჩება სკოლებში პროზელიტიზმის/რელიგიური ინდოქტრინაციის შემთხვევები და მათი პროაქტიული გამოვლენა, ეროვნული უმცირესობების განათლების უფლებაზე ხელმისაწვდომობა.

საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაცვლილ პაციენტთა დღიური რაოდენობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2021 წელს გამოვლინდა. პრობლემური იყო კოვიდ 19-ის პანდემიის მართვის მიდგომები, რამაც სახელმწიფოს მხრიდან ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვას რეალური საფრთხე შეუქმნა. კორონავირუსთან საბრძოლველად რეგულაციების შემოღებისა და მოხსნის შესახებ გადაწყვეტილებები უმეტესწილად მეცნიერული მტკიცებულებებისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის უგულებელყოფით მიიღებოდა. მათ შორის, უარყოფითად უნდა შეფასდეს საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომლებმაც ცალსახად დააზიანეს როგორც ვაქცინაციის, ისე პანდემიის მართვის პროცესი. შედეგად, საქართველოში ძალიან დაბალია ვაქცინაციის მაჩვენებელი. კოვიდ 19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის მიზანი იყო 2021 წლის ბოლომდე 18 წელს ზემოთ მოსახლეობის 60%-ის აცრა. თუმცა, აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ არაეფექტიანი საინფორმაციო კამპანიის, დაგვიანებული ფინანსური, წამახალისებელი თუ სხვა ტიპის ღონისძიებების შედეგად, 2022 წლის იანვრის მდგომარეობით ეს მაჩვენებელი 47%-ს არ აღემატებოდა. ამ კონტექსტში დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ პენიტენციურ სისტემაში სამაგალითოდ მაღალია ვაქცინაციის მაჩვენებელი, როგორც პატიმრებში, ასევე თანამშრომლებში.

წინამდებარე ანგარიშში გამოვლენილი უფლებადარღვევების აღმოსაფხვრელად სახალხო დამცველის აპარატმა 67 რეკომენდაცია/წინადადებით მიმართა სახელმწიფო უწყებებს. 2021 წლის განმავლობაში მომზადდა 20 სპეციალური ანგარიში, 17 კონსტიტუციური სარჩელი, 13 სასამართლოს მეგობრის მოსაზრება და 4 კომუნიკაცია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისთვის. საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 3 საქმეში მესამე მხარედ ჩართვის თხოვნით მიმართა. უფლებადარღვევებისა და გამოწვევების იდენტიფიცირებისა და მონიტორინგის მიზნით სახალხო დამცველის აპარატმა სხვადასხვა დაწესებულებებში არაერთი ვიზიტი განახორციელა, რაც დეტალურად ანგარიშშია მიმოხილული.


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)