სახალხო დამცველმა მორიგებით დაასრულა მომსახურების მიღებასთან დაკავშირებული დავა
სახალხო დამცველმა მორიგებით დაასრულა რიგით მეექვსე საქმე, რომელიც მომსახურების სფეროში, ჯანმრთელობის მდგომარეობის ნიშნით, სავარაუდო დისკრიმინაციას შეეხებოდა. აღნიშნული შემთხვევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მორიგების პირობებში პირველად განისაზღვრა მორალური ზიანის ანაზღაურება, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია დისკრიმინაციის სავარაუდო მსხვერპლის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით.
მხარეებმა სრულად შეასრულეს მორიგებით გათვალისწინებული ყველა პირობა. ხაზგასასმელია, რომ დავის გადაჭრის ისეთი ალტერნატიული მექანიზმის გამოყენება, როგორიც მხარეთა შორის მორიგებაა, ხელს უწყობს კონფლიქტის სწრაფ, კონსტრუქციულ და ნაკლებად ფორმალიზებულ გადაწყვეტას, რაც ადამიანის უფლებების დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
სახალხო დამცველი მომავალშიც გააგრძელებს სავარაუდო დისკრიმინაციის საქმეებში მორიგების მექანიზმის აქტიურ გამოყენებას.