სახალხო დამცველმა ქალი ფეხბურთელების უფლებების დაცვის მიზნით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას რეკომენდაციით მიმართა
სახალხო დამცველმა 2021 წლის 21 დეკემბერს სქესის ნიშნით დისკრიმინაციის საქმის ფარგლებში რეკომენდაციით მიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას (სფფ-ს). რეკომენდაცია გამოიცა პროფესიონალი ქალი ფეხბურთელების მომართვის საფუძველზე, რომელთა ინტერესებს სახალხო დამცველის აპარატში ააიპ „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ (WISG) წარმოადგენდა. განცხადება შეეხებოდა ქალი ფეხბურთელების ჯანმრთელობისა და შრომის უფლებების დაცვას.
სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა კონსულტაციები გაიარეს დარგის ექსპერტებთან და პრაქტიკოს ექიმებთან, ასევე გაეცნენ ამ სფეროში საერთაშორისო გამოცდილებას. საქმის შესწავლის შედეგად, საქართველოს სახალხო დამცველმა დისკრიმინაციად მიიჩნია ის გარემოება, რომ სფფ-ს რეგულაციებში არ არის გათვალისწინებული ქალების სპეციალური საჭიროებები რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართულებით. კერძოდ, ლიცენზირებას დაქვემდებარებული გუნდების ექიმებისთვის დაგეგმილ სავალდებულო ტრენინგებში არ არის შეტანილი ქალი ფეხბურთელების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები; არ არის შემუშავებული და მიღებული სახელმძღვანელო დოკუმენტი (სტანდარტები) ქალი ფეხბურთელების ორსულობისა და შემდგომი პერიოდისთვის ფიზიკური დატვირთვის თაობაზე; არასათანადოდაა უზრუნველყოფილი ქალი ფეხბურთელების, როგორც დასაქმებულების, დედობის დაცვის უფლებაც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მოუწოდა, რომ ქალი ფეხბურთელების სექსუალური და რეპროდუქციული უფლების, ასევე შრომის უფლების დაცვის მიზნით, შემოიღოს რეგულაციები, რომელთა დარღვევისას გამოიყენებს მის ხელთ არსებულ სპორტულ სანქციებს. გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს სახელმძღვანელო დოკუმენტები და გაატაროს სხვა ღონისძიებები.