ახალი ამბები

სახალხო დამცველმა ქალაქ ამბროლაურში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლა

2025 წლის 9 ივლისს, საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ამბროლაურში, ახლადგახსნილ ოფისში, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

ღონისძიებაზე სახალხო დამცველმა და აპარატის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს საქართველოში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების კუთხით არსებული გამოწვევები. ლევან იოსელიანმა ისაუბრა სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის ძირითად მიგნებებსა და რეკომენდაციებზე, მათ შორის, შოვის ტრაგედიის გამოძიების მასალების შესწავლის შედეგად ანგარიშში ასახულ რეკომენდაციებზე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების, გაერთიანების თავისუფლების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და სხვა აქტუალურ საკითხებზე.

სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და გამოთქვა იმედი, რომ ახლადგახსნილი რეგიონული ოფისის წყალობით კიდევ უფრო გაღრმავდება რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა რეგიონში ადამიანის უფლებების ეფექტური დაცვის მიზნით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)