სახალხო დამცველმა „გლოვოს“ კურიერის საქმეზე პროფესიული კავშირის წევრობის ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა
2023 წლის 15 მარტს სახალხო დამცველმა შპს „გლოვო აფფ ჯორჯიას“ შრომით ურთიერთობაში პროფესიული კავშირის წევრობის გამო დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციით მიმართა.
განმცხადებელი მიუთითებდა, რომ „გლოვომ“ აპლიკაციაზე წვდომა შეუზღუდა, იმ მოტივით რომ კურიერების წინაშე არსებულ პრობლემებზე ხმამაღლა საუბრობდა და შესაბამის რეაგირებას მოითხოვდა. სახალხო დამცველისთვის წარმოდგენილ პოზიციაში კომპანია მიუთითებდა, რომ განმცხადებლისთვის აპლიკაციის დაბლოკვა მის მიერ ჩადენილი გადაცდომებით იყო განპირობებული, თუმცა, გადაცდომების შესახებ მტკიცებულებები მოპასუხეს არ წარმოუდგენია.
როგორც საქმის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, განმცხადებლისთვის აპლიკაციაზე წვდომის შეზღუდვა ფაქტიურად დროში დაემთხვევა მისი მხრიდან გამოხატულ განსხვავებულ მოსაზრებებს და პროფესიულ კავშირში საქმიანობას.
სახალხო დამცველმა პლატფორმის მეშვეობით მომუშავე პირების საქმეზე შრომით ურთიერთობაში დისკრიმინაცია პირველად „ბოლტის“ (Bolt Food) კურიერების მიმართ დაადგინა და საერთაშორისო ინსტიტუტებისა და სხვადასხვა ქვეყნის სასამართლოების მიერ შემუშავებული უახლესი სტანდარტებით იხელმძღვანელა. სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ პლატფორმის მეშვეობით მომუშავე პირები კომპანიასთან შრომით ურთიერთობაში მყოფი პირები არიან და, შესაბამისად, შრომითი გარანტიებით სარგებლობის უფლება აქვთ. ასე, რომ სახალხო დამცველმა, „გლოვოს“ საქმეშიც უფლების განსაზღვრის მის მიერ უკვე დადგენილი სტანდარტები ასახა.
აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა კომპანიას, დაუყოვნებლივ აღუდგინოს განმცხადებელს აპლიკაციაზე წვდომა.
სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს პლატფორმის მეშვეობით მომუშავე სხვა პირების განცხადებების შესწავლას.