სახალხო დამცველმა ბათუმის N1 უფასო სასადილო დაათვალიერა
2020 წლის 19 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოს N1 (უფასო) სასადილო მოინახულა, რომელიც ყოველდღიურად 1200-მდე ბენეფიციარს ემსახურება.
ნინო ლომჯარია გაეცნო სასადილოს ყოველდღიურ მენიუს, დაათვალიერა პროდუქტების შესანახი ადგილები, შეამოწმა საკვების დამზადების პირობები.
სახალხო დამცველის შეფასებით, უფასო სასადილოებში ინფრასტრუქტურასთან ერთად კვლავ პრობლემად რჩება მომლოდინეთა სიები და ხელმისაწვდომობა აღნიშნულ სერვისზე. ასევე, სასადილოში მომზადებული საკვები არ არის მორგებული სხვადასხვა კვებითი საჭიროების მქონე პირებზე, მათ შორის არც ბავშვთა საჭიროებებზე.
უნდა აღინიშნოს, რომ ბათუმში სოციალური სერვისების სააგენტოს 6 სასადილო მუშაობს და საშუალოდ 5000 ბენეფიციარს ემსახურება. უფასო სასადილოების სერვისით მხოლოდ ის მოქალაქეები სარგებლობენ, რომლებიც „სოციალურად დაუცველი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამაში“ მონაწილეობენ და მინიჭებული აქვთ 0-დან 65000 ჩათვლით სარეიტინგო ქულა.