ახალი ამბები

სახალხო დამცველმა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას ზოგადი წინადადებით მიმართა

2025 წლის 3 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა მედიასაშუალებათა მიმართ თანასწორობის დამკვიდრებისთვის შესაბამისი შიდა სტანდარტების შემუშავების მიზნით ზოგადი წინადადებით მიმართა ბათუმის მერიას.

სახალხო დამცველმა შეისწავლა იმ ჟურნალისტის განცხადება, რომელიც ბათუმის მერიაში, 2025 წლის 12 თებერვალს სამუშაო შეხვედრაზე არ დაუშვეს.

საქმის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ მუნიციპალურ ორგანოში არ მოქმედებს შიდა წესი, რომელიც მედიასაშუალებათა თანაბარი დაშვებისა და მუნიციპალური საქმიანობის (ღია/დახურული სხდომების, სამუშაო შეხვედრების, კომისიების და სხვ.) გაშუქების პროცედურას დაარეგულირებდა, რაც პრაქტიკაშიც მნიშვნელოვან გამოწვევებს წარმოშობს.

ზოგად წინადადებაში თანამედროვე მუნიციპალურ ორგანოთა დემოკრატიულ მმართველობაში მედიის როლის მნიშვნელობაა ხაზგასმული. აღნიშნულია, რომ მუნიციპალურ მმართველობაში მრავალფეროვანი მედიის ხელშეწყობა უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის გამჭვირვალობას, მოქალაქეთა ინფორმირებულობის ზრდას და პოლიტიკური პლურალიზმის განმტკიცებას, რაც თანასწორუფლებიანობის, ანგარიშვალდებულობისა და კარგი მმართველობის პრინციპების ეფექტიანი რეალიზების მექანიზმია. შესაბამისად, მუნიციპალურ ორგანოთა საქმიანობის გაშუქების პროცესში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა ხელი უნდა შეუწყონ მედიასაშუალებათა თანაბარ ჩართულობას, როგორც რელევანტური შიდა საკანონმდებლო მოწესრიგების, ისე პრაქტიკაში განმტკიცების გზით.

ზოგადი წინადადებით სახალხო დამცველმა ბათუმის მერიას მოუწოდა, თანასწორუფლებიანობის უზრუნველმყოფი, განჭვრეტადი და ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე, შეიმუშავოს შიდა სამართლებრივი აქტი მედიის წარმომადგენელთა მოწვევის, დაშვების საკითხებზე, მათ შორის, დახურული ფორმატის სამუშაო შეხვედრებთან მიმართებით. ამავდროულად, დანერგოს შიდა პროცედურული რეგულაციები, რომელიც მედიასთან ურთიერთობის სტანდარტებს დაარეგულირებს, მათ შორის, უკუკავშირისა და გასაჩივრების ეფექტურ მექანიზმს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)