ახალი ამბები

სახალხო დამცველისა და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ერთობლივი განცხადება ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით

10 ოქტომბერს მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობის დღეს აღნიშნავს. აღნიშნული დღის დაარსებით, მსოფლიოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ფედერაცია მიზნად ისახავს ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და სფეროს განვითარების მხარდასაჭერად ძალისხმევის მობილიზებას. მიმდინარე წელს, 10 ოქტომბრის მთავარი თემაა „ფსიქიკური ჯანმრთელობა ყველასთვის! მეტი ინვესტიცია - მეტი მისაწვდომობა".[1]

საქართველოში დღემდე გადაუჭრელ გამოწვევად რჩება ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სტიგმის შემცირება, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა სოციალურ ინტეგრაციასა და რეაბილიტაციაზე დაფუძნებული სერვისების განვითარება, ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სათანადო ფსიქიატრიული და ნარკოლოგიური სერვისებით უზრუნველყოფა, სტაციონარული მომსახურების მიმღებ პირთა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვა და ფსიქიატრიის დარგის საჭირო ადამიანური რესურსით უზრუნველყოფა. ამ დრომდე არ შემუშავებულა როგორც დეინსტიტუციონალიზაციის, ისე სუიციდის პრევენციის სტრატეგია.

„ყველა ეს პრობლემა განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს პანდემიის ფონზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ მეტი ძალისხმევა მიმართოს მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი ფსიქოლოგიური კონსულტაციის სერვისების შეთავაზებაზე, განსაკუთრებით თვითიზოლაციის რეჟიმსა და საკარანტინო სივრცეებში განთავსებულ პირთათვის“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

„ვუერთდებით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს და ვაქვეყნებთ ერთობლივ განცხადებას, რათა კვლავ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რაოდენ მნიშვნელოვანია ხმა ავიმაღლოთ ჩვენში ღრმად ფესვგადგმული სტიგმის წინააღმდეგ. დროა ერთობლივად მოვმართოთ ჩვენი ძალისხმევა“, - განაცხადა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ნატალია ვუტოვამ.

მსოფლიოში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა დაახლოებით მილიარდ ადამიანს აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველ მეოთხე ოჯახში ერთ წევრს მაინც აღენიშნება ფსიქიკური დაავადება[2] და მიუხედავად პრობლემის სიდიდისა, ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა ადამიანთა მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს.


[1] https://wfmh.global/world-mental-health-day-10-october-2020/

[2] https://www.who.int/mental_health/media/en/investing_mnh.pdf

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)