ახალი ამბები

სახალხო დამცველის ზოგადი წინადადება საჯარო რეესტრს სარეგისტრაციო წარმოებისას რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციის თავიდან აცილების საკითხზე

2020 წლის 21 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა რელიგიის ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციასთან დაკავშირებული საქმის ფარგლებში ზოგადი წინადადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

საქმის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ განმცხადებელ რელიგიურ ორგანიზაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგიონული ოფისები უწესებდა კანონით გაუთვალისწინებელ მოთხოვნას (ორგანიზაციის წევრების მოქალაქეობის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენის სახით) მაშინ, როდესაც მსგავსი პრაქტიკა სხვა ანალოგიურ პირობებში მყოფი (მათ შორის, რელიგიური) ორგანიზაციების განცხადებების განხილვისას არ გამოკვეთილა.

სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა საჯარო ფუნქციების განმახორციელებელი და სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების თანამშრომლების სისტემური გადამზადების აუცილებლობას რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორობის საკითხებზე და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოუწოდა:

  • შეიმუშავოს სახელმძღვანელო მითითებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციების მიერ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესთან დაკავშირებით
  • გადადგას პროაქტიული ნაბიჯები სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დისკრიმინაციის აკრძალვის საკითხზე შიდა პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებისა და ცნობიერების ამაღლებისა და ანტიდისკრიმინაციული სტანდარტების საკითხებზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების გადამზადების მიმართულებით
  • დანერგოს შიდა მონიტორინგის სისტემა სავარაუდო დისკრიმინაციული მოპყრობის იდენტიფიცირების მიზნით და მომავალში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების მხრიდან სავარაუდო დისკრიმინაციის ნებისმიერ ფაქტზე განხორციელდეს სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება.
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)