სახალხო დამცველის წლიური ანგარიში და მისი აღსრულების საპარლამენტო მექანიზმები
2018 წლის 10 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს პარლამენტში გამართულ კონფერენციას დაესწრო, რომელზეც საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე ზედამხედველობის პროცესში ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის როლი განიხილეს.
კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ნინო ლომჯარიამ საპარლამენტო ზედამხედველობის პროცესში სახალხო დამცველის მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აპარატში მოქალაქეთაგან შემოსული განცხადებების მზარდი რაოდენობა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის, არსებული გამოწვევებისა და ხარვეზების შესახებ უმნიშვნელოვანესი ინფორმაციის დაგროვებაზე მიანიშნებს.
„ბოლო წლების განმავლობაში სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვის პროცესი არსებითად გაუმჯობესდა და პარლამენტი იქცა ადგილად, სადაც სახელმწიფო უწყებები სახალხო დამცველის რეკომენდაციებთან დაკავშირებით გატარებულ ღონისძიებებს წარმოადგენენ, პოზიციებს აფიქსირებენ; იმართება მნიშვნელოვანი დიალოგი ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ პარლამენტის დადგენილებაში წელს პირველად აისახა თავად პარლამენტისადმი გაცემული წინადადებები და მიეთითა, რომ მათზე მსჯელობა სამუშაო ჯგუფის ფორმატში მოხდება. სახალხო დამცველის განცხადებით, აპარატმა უკვე შეიმუშავა პარლამენტის დადგენილებაში მითითებული დავალებების შესრულების ხარისხის შეფასების ინდიკატორები.
„სახალხო დამცველის ინსტიტუტი საპარლამენტო ზედამხედველობის საკითხს ეკიდება მაქსიმალური სერიოზულობით და ჩვენი მხრიდანაც ვფიქრობთ, დამატებით რისი გაკეთება შეიძლება. ვაპირებთ საპარლამენტო განხილვას დავუქვემდებაროთ ჩვენი სპეციალური ანგარიშები; ასევე, გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები, რომელთა მეშვეობითაც პარლამენტი შეისწავლის ნორმატიული აქტების აღსრულების მდგომარეობას, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისობას კანონებთან, კანონების გარდამავალი დებულებებით აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისათვის განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულებას და სხვა. როგორც ამ პროცესებში მონაწილე სუბიექტი, ჩვენც ვგრძნობთ პასუხისმგებლობას მაქსიმალურად ავამოქმედოთ ქაღალდზე არსებული შესაძლებლობები და იგივე მოლოდინი გვაქვს ჩვენი უმთავრესი პარტნიორის - საქართველოს პარლამენტის მხრიდან,“ – განაცხადა სახალხო დამცველმა.