ახალი ამბები

სახალხო დამცველის წარმომადგენლის გამოსვლა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე

2020 წლის 5 ოქტომბერს, ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 45-ე სესიის ფარგლებში, გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა ლარა ჯამარაულმა გაეროს უმაღლესი კომისრის ანგარიშის განხილვის ფორმატში წარადგინა საქართველოს სახალხო დამცველის ხელთ არსებული ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ.

სახალხო დამცველის სახელით გამოსვლისას ლარა ჯამარაულმა აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საგანგაშოა სიცოცხლის უფლების დარღვევის შემთხვევები. დღემდე არავინ დასჯილა დავით ბაშარულის, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და ირაკლი კვარაცხელია სიცოცხლის ხელყოფისთვის.

ისაუბრა 2019 წელს ე.წ. გამშვები პუნქტების ხანგრძლივი დროით ჩაკეტვის ფაქტზე, რამაც ოკუპირებული ახალგორის რაიონის შემთხვევაში ჰუმანიტარული კრიზისი და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის პრობლემები გამოიწვია.

ლარა ჯამარაული ასევე შეეხო დე ფაქტო ხელისუფლებების მიერ გადაადგილების თავისუფლებაზე დაწესებულ თვითნებურ შეზღუდვებს, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ სხვადასხვა უფლებით სარგებლობაზეც, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების უფლებით სარგებლობაზე,

ამასთან ერთად, გამოსვლაში ხაზგასმით აღინიშნა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, და ის ფაქტი, რომ გალისა და ახალგორის ყველა სკოლის დაწყებით კლასებში სრულად არის აკრძალული ქართულ ენაზე სწავლება.

ლარა ჯამარაულმა სახალხო დამცველის სახელით საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა აწარმოოს მოლაპარაკებები ყველა შესაძლო საერთაშორისო ფორმატის გამოყენებით, რათა რუსეთის ფედერაციის მთავრობამ დაუშვას საერთაშორისო მონიტორების სრული და შეუზღუდავი წვდომა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება