სახალხო დამცველის წარმომადგენლების შეხვედრა მარნეულში
2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ქვემო ქართლის ოფისის ორგანიზებით, გენდერის საკითხებში სახალხო დამცველის რწმუნებულმა ქვემო ქართლში მარიამ გვიდიანმა და ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარატმენტის წარმომადგენელმა გიორგი კვირიკაშვილმა მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგებს და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სახალხო დამცველის აპარატის ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის საქმიანობა გააცნეს და სკოლებში სამოქალაქო განათლების სწავლებასთან დაკავშირებულ საჭიროებებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე განიხილეს სახალხო დამცველის როლი ადამიანის უფლებათა სწავლების პროცესში და სხვადასხვა დისციპლინების მასწავლებელთა აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა, ადამიანის უფლებათა შესახებ მასწავლებელთა გადამზადების ხარვეზები, ეთნიკურად აზერბაიჯანელი პედაგოგებისა და მოსწავლეების წინაშე არსებული გამოწვევები, სასკოლო სახელმძღვანელოებში ადამიანის უფლებების შესახებ ინფორმაციის სიმწირე და ხელმისაწვდომობის სირთულე.
მოსწავლეების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მომავალშიც განაგრძობს ადამიანის უფლებათა სწავლების მიმართულებით არსებული გამოწვევების გამოვლენას და გააგრძელებს თანამშრომლობას შესაბამის უწყებებთან.