სახალხო დამცველის წარმომადგენლები მარნეულის მუნიციპალიტეტის მერს შეხვდნენ
2019 წლის 20 აგვისტოს სახალხო დამცველის აპარატის აღმოსავლეთ სამმართველოს უფროსი თეიმურაზ ქორიძე და ქვემო ქართლის ოფისის თანამშრომლები: ირმა მჭედლიძე, მურადხან გუსეინოვი და მარიამ გვიდიანი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერს ზაურ დარგალს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ისაუბრეს მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებზე, ინფრასტრუქტურულ საკითხებზე, ქალთა უფლებებზე, გენდერულ თანასწორობაზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა ჩართულობასა და მონაწილეობაზე; ასევე განიხილეს დევნილთა უფლებრივი მდგომარეობა და სოფელ შაუმიანში, შაუმიანის დევნილთა დასახლებაში, სოფელ ალგეთში, აზიზქენდსა და თაზაქენდში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები.
მარნეულის მერმა აღნიშნა, რომ ქმედით ნაბიჯებს გადადგამს დევნილი მოსახლეობის საჭიროებების მოსაგვარებლად, ხოლო ქალთა ჩართულობისა და ქალთა საჭიროებების შესასწავლად კვლევას ჩაატარებს (რწმუნებულებისა და გენდერის საბჭოს დახმარებით).
შეხვედრაზე მხარეებმა გამოვლენილი პრობლემების მოგვარების გზებზე ისაუბრეს, მერიის მიერ დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
სახალხო დამცველის აპარატი მომავალშიც განაგრძობს გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან სამუშაო შეხვედრებს, რეგიონების მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით და სახალხო დამცველის მანდატის ფარგლებში ითანამშრომლებს ადგილობრივ თვითმმართველობებთან.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მარნეულის მერის მოადგილე ლაშა ლობჟანიძე და მერიის ადმინისტრაციის უფროსი ნინო დეკანოიძე.