სახალხო დამცველის რეკომენდაციით სამხარაულის ეროვნული ბიუროს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტებში ქალ ექსპერტებს დაასაქმებენ
სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს სამხარაულის ეროვნული ბიუროს მზადყოფნას - შეასრულოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის თანასწორი და ღირსეული გარემოს შექმნის მიზნით, რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტებში ქალი ექსპერტები დაასაქმოს. ასევე, თბილისის და რეგიონული ოფისების თანამშრომლებისთვის ჩაატაროს ტრენინგები სექსუალური ძალადობის მსხვერპლებთან სათანადო კომუნიკაციის ფსიქოლოგიური ასპექტების შესახებ.
სახალხო დამცველის რეკომენდაციით, პრობლემურად იყო შეფასებული, რომ რიგ შემთხვევებში, სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალებს, კანონმდებლობით მინიჭებული უფლების მიუხედავად, ქალი ექსპერტების არარსებობის გამო, ექსპერტიზას კაცი უტარებდა, რაც მსხვერპლებისთვის დამატებითი სტრესის მიზეზი ხდებოდა. განმცხადებლის ინტერესებს სახალხო დამცველის აპარატში „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)“ წარმოადგენდა.
აღსანიშნავია, რომ ცალკეული ჯგუფების თანასწორუფლებიანობა სწორედ ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით მიიღწევა. სახალხო დამცველი მზადაა, უზრუნველყოს ბიუროს თანამშრომლებისათვის ტრენინგების ჩატარება და იმედს გამოთქვამს, რომ მომავალშიც ხშირი იქნება ასეთი წარმატებული თანამშრომლობის მაგალითები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებსა თუ კერძო კომპანიების მხრიდან.