სახალხო დამცველის მოადგილის მოხსენება მოსახლეობის და განვითარების საერთაშორისო კონფერენციაზე
2019 წლის 12-14 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, მოსახლეობის და განვითარების საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო, რომლის მთავარი მიზანი მსოფლიოში სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის გაუმჯობესება იყო.
კონფერენციის ფარგლებში, მსოფლიო ლიდერები, სამოქალაქო საზოგადოების და კერძო სექტორის წარმომადგენლები კენიაში შეიკრიბნენ და კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავისი მზადყოფნა გადადგან ქმედითი ნაბიჯები, რათა 2030 წლისთვის დასრულდეს დედათა სიკვდილობა, დაუკმაყოფილებელი მოთხოვნა კონტრაცეფციაზე და ძალადობა ქალთა და გოგონათა მიმართ.
სიტყვით გამოსვლისას სახალხო დამცველის მოადგილემ ხაზი გაუსვა ნაირობის სამიტის მნიშვნელობას და როლს კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის საქმეში. „დღეს ჩვენ შევიკრიბეთ რათა აღმოვფხვრათ გენდერული ნიშნით ძალადობა, დედათა სიკვდილიანობა და მივაღწიოთ ოჯახის დაგეგმვის სერვისების განვითარებას, სულ რაღაც 10 წელში. ზოგისთვის ეს შეიძლება ჟღერდეს როგორც შეუსრულებელი მისია, თუმცა თუ ჩვენ გავერთიანდებით აღნიშნული მიზნის მისაღწევად, მიუღწეველი არაფერია“, - განაცხადა მან.
ეკატერინე სხილაძემ ასევე წარადგინა სახალხო დამცველის, როგორც ადამიანის უფლებადაცვითი ეროვნული ინსტიტუტის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. „სახალხო დამცველი იღებს ვალდებულებას, განახორციელოს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების ეფექტური მონიტორინგი და ადვოკატირება გაუწიოს შესაბამის რეკომენდაციებს. დახვეწოს გენდერული ნიშნით ძალადობის, ფემიციდის, გენიტალიების დასახიჩრების, ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინების მონიტორინგის პროცესი და თავისი წვლილი შეიტანოს ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობის პრევენციის პროცესში. ასევე, ვიღებთ ვალდებულებას ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებისთვის მეგობრული სერვისების განვითარებას და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებების სამდივნოს ხელმძღვანელი ნატალია ჯალიაშვილი, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე პაატა შავიშვილი, გაეროს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში საბინე მახლი, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე, საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივის“ ტექნიკური დირექტორი გიორგი ყიფიანი, მწერალი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, მწერალი და ტელეწამყვანი ალექსანდრე ლორთქიფანიძე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და აქტივისტები.