ახალი ამბები

სახალხო დამცველის მოადგილემ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის წევრი სახელმწიფოების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

2024 წლის 11-13 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ ირინე ჩიხლაძემ მონაწილეობა მიიღო UN CRPD-ის წევრი სახელმწიფოების მე-17 კონფერენციაში, რომელიც ნიუ იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში გაიმართა.

11 ივნისს სიტყვით გამოსვლისას ირინე ჩიხლაძემ ყურადღება გაამახვილა შშმ პირთა უფლებების დაცვის მდგომარეობაზე და აღნიშნა, რომ შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის განხორციელების მიმართულებით ქვეყანაში მიღწევებთან ერთად, არაერთი გამოწვევაა. მათ შორის, კვლავ არადამაკმაყოფილებელია გადაწყვეტილების მიღების პროცესში შშმ პირთა თანაბარი და არსებითი ჩართულობა და შშმ პირთა მისაწვდომობის უფლების რეალიზება, როგორც ფიზიკური გარემოს, ისე სერვისების, პროგრამების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის მისაწვდომობის თვალსაზრისით.

სახალხო დამცველის პოზიციის წარმოდგენისას ირინე ჩიხლაძემ ხაზი გაუსვა შშმ პირთა კომუნიკაციის ხელშეწყობის მიზნით ხელოვნური ინტელექტის დანერგვის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურების აუცილებლობასა და „ხელოვნური ინტელექტისა და ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შესახებ“ ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენციის დროულად რატიფიცირების აუცილებლობაზე ისაუბრა.

თავის გამოსვლაში სახალხო დამცველის მოადგილემ ასევე ყურადღება დაუთმო შშმ პირთა დასაქმების უფლების რეალიზების კუთხით არსებულ უთანასწორო გარემოსა და ბარიერებს, როგორიცაა სტიგმა და სტერეოტიპული დამოკიდებულებები შშმ პირთა მიმართ, ფორმალური განათლების ნაკლებობა/არარსებობა, ნაკლები ინფორმირებულობა, როგორც დამსაქმებელთა, ისე დასაქმების მაძიებელ შშმ პირთა და ახალგაზრდებს შორის, მიუწვდომელი ფიზიკური გარემო და სამუშაო პირობები და სხვა.

12 ივნისის მრგვალი მაგიდის ფორმატში სარისკო და საგანგებო სიტუაციების დროს შშმ პირთა უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას, სახალხო დამცველის მოადგილემ იმ უარყოფით გამოცდილებაზე გაამახვილა ყურადღება, რაც კოვიდ 19-ის პანდემიის დროს სახელმწიფოს მიერ შშმ პირებისთვის აღმოჩენილ მხარდაჭერას ახლდა თან.

თავისი გამოსვლის ბოლოს სახალხო დამცველის მოადგილე შეეხო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ახლადმიღებულ კანონს და იმ რისკებს, რასაც აღნიშნული აქტი შშმ პირთა უფლებების დაცვის კუთხით შეიძლება ქმნიდეს. ირინე ჩიხლაძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფომ უნდა გააუქმოს ყველა ის კანონმდებლობა და პრაქტიკა, რაც საფრთხეს უქმნის შშმ პირთა უფლებების სრულ რეალიზებას და შესაბამის საერთაშორისო თანამშრომლობას, რადგან ამ სფეროში მრავალი მიღწევა საერთაშორისო პარტნიორებისა და სახელმწიფოს ერთობლივი მუშაობის შედეგია.

კონფერენციის ფარგლებში სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს ჯანდაცვის სფეროში ხელოვნური ინტელექტის დანერგვის შესახებ გამართულ ღონისძიებაში. ასევე, შეხვდნენ ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსისა (GANHRI) და ევროპული ქსელის (ENNHRI) წევრებს.

შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის წევრი სახელმწიფოების კონფერენცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის (CRPD) მონაწილე სახელმწიფოების წარმომადგენლებს აერთიანებს და პერიოდულად იკრიბება კონვენციის იმპლემენტაციასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად. წლევანდელი შეხვედრა ხელოვნური ინტელექტის დანერგვის, შშმ პირთა დასაქმებისა და საგანგებო და სარისკო სიტუაციებში მათი უფლებების დაცვის საკითხებს ეხებოდა და წევრი სახელმწიფოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული ინსტიტუტების მხრიდან პროცესში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ფოკუსირდებოდა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)