სახალხო დამცველის მოადგილემ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
2019 წლის 5 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ მონაწილეობა მიიღო სტრასბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრაში, რომლის განხილვის მთავარი საგანი იყო ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტებისა და ომბუდსმენების როლი ადამიანის უფლებათა დაცვისა და კანონის უზენაესობის განხორციელებაში.
თამარ გვარამაძემ დამსწრე საზოგადოებას მოკლედ გააცნო საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და მანდატი; ისაუბრა ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტებისა და ომბუდსმენის საქმიანობისათვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა პლურალიზმის პრინციპის რეალიზაცია სახალხო დამცველის საქმიანობის პროცესში. მან ხაზი გაუსვა პლურალიზმის პრინციპის, დაინტერესებული ჯგუფების ჩართულობით, პროცესის გამჭვირვალედ წარმართვისა და სახალხო დამცველის ობიექტური კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე შერჩევის მნიშვნელობას. ასევე, ყურადღება გაამახვილა სახალხო დამცველის მიერ უფლების დარღვევის საქმეების ეფექტურად შესწავლისას ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და განსაკუთრებით, პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის დაუბრკოლებლად ხელმისაწვდომობაზე.
შეხვედრას ორგანიზება ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ქვეყანამ საფრანგეთმა გაუწია. აღსანიშნავია, რომ შემდეგ წელს მინისტრთა კომიტეტი გეგმავს განიხილოს წევრი სახელმწიფოების მიერ მიღწეული პროგრესი მინისტრთა კომიტეტის მიერ წევრი სახელმწიფოების მიმართ მიცემული 1997 რეკომენდაციის შესახებ: R (97) 14 ადამიანის უფლებათა ხელშეწყობისა და დაცვისათვის დამოუკიდებელი ეროვნული ინსტიტუტების შექმნის შესახებ. რეკომენდაცია მოუწოდებს მინისტრთა კომიტეტს, რომ წევრ სახელმწიფოებმა დაუყოვნებლივ შექმნან ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტები გაეროს პარიზის პრინციპების შესაბამისად.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის (ENNHRI) თავმჯდომარე ემილი ლოგანი და სომხეთის სახალხო დამცველი არმან ტატოიანი. შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მაღალი დონის წარმომადგენლები, ექსპერტები და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების წარმომადგენლები.