სახალხო დამცველის მოადგილე მოხსენებით წარსდგა ევროკავშირი საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე
2019 წლის 27 მარტს, სტრასბურგში სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე ევროკავშირი–საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მე-8 სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა და საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა და მათზე საპარლამენტო ზედამხედველობა, კანონის უზენაესობა და დემოკრატიული რეფორმები მიმოიხილა. საუბარი შეეხო ასევე სახალხო დამცველის დიალოგს სხვადასხვა უწყებებთან და შესაბამის თანამშრომლობის ფორმატებს.
სახალხო დამცველის მოადგილემ ყურადღება ორ საკითხზე გაამახვილა:
1. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ამოქმედება - 2018 წლის 28 მარტის მდგომარეობით, ფინანსური სახსრები არ არის გამოყოფილი იმ სამსახურისთვის, რომელმაც საქმიანობა 3 თვეში უნდა დაიწყოს. აღნიშნული მიმართულებით აუცილებელია მყისიერი ნაბიჯების გადადგმა;
2. საქართველოს საერთო სასამართლოების წინაშე არსებული გამოწვევები - ამ მიმართულებით ხაზი გაუსვა უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესს და პირველი მოსმენით მიღებული კანონის პროექტის ხარვეზებს. მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები, ინტერესთა კონფლიქტის საკითხი, ხმის მიცემის ფარულობა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი და საპარლამენტო განხილვის გამჭვირვალობის აუცილებლობა - არის ის საკითხები, რომელთა გარშემო სახალხო დამცველის აპარატს აქვს შენიშვნები და მათი სრულყოფის მიზნით აპარატი მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს.