ახალი ამბები

სახალხო დამცველის მოადგილე ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

2023 წლის 8 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ ნათია ჯულაყიძემ ბრიუსელში, ევროპარლამენტში გამართულ, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

​კომიტეტის სხდომის ფარგლებში განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგი, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი.

სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას სახალხო დამცველის მოადგილემ ბოლო პერიოდში ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით საქართველოში განვითარებული მოვლენები, მათ შორის, უფლებადამცველთა დაკავების საკითხი განიხილა; ისაუბრა 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების ჭრილში სახალხო დამცველის არჩევის პროცესზე, აპარატის მანდატზე და ქვეყანაში მიმდინარე სასამართლო სისტემის რეფორმაზე მომუშავე ჯგუფში მონაწილეობაზე. ისაუბრა ასევე, ხელისუფლებასა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობის აუცილებლობაზე და სახალხო დამცველის მზადყოფნაზე, იყოს მედიატორი მათ შორის. ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიის ხარვეზებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ სამოქმედო გეგმაში სტრატეგიის ყველა დანაკლისი იქნება ასახული. ხაზი გაუსვა ქვეყანაში დამკვიდრებულ პოლარიზაციას და სიძულვილის ენის მუდმივ გამოვლინებებს. ამ ვითარებაში „დიდი მნიშვნელობა აქვს ძლიერი სახალხო დამცველის ინსტიტუტის შენარჩუნებას. ჩვენ ნამდვილად გვაქვს ეს ამბიცია და ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის,“ - განაცხადა ნათია ჯულაყიძემ.

სხდომაში მონაწილეობა მიიღეს ასევე, საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციებმა და საქართველოს აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლებმა.

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი საპარლამენტო ინსტიტუტია, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების საფუძველზე ჩამოყალიბდა. მისი მთავარი მიზანია ასოცირების შეთანხმების შესრულების ზედამხედველობა და საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის ხელშეწყობა.


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)