ახალი ამბები

სახალხო დამცველის მიმართვა წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით

2021 წლის 2 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, 2 ოქტომბერს დაინიშნა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და დაიწყო წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდი.

გასული წლებში საპარლამენტო, საპრეზიდენტო თუ ადგილობრივი არჩევნების უკიდურესად პოლარიზებული და ძალადობრივი წინასაარჩევნო პერიოდის გათვალისწინებით საქართველოს სახალხო დამცველი შესაბამის ინსტიტუტებს ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევის შემთხვევების თავიდან აცილებისკენ მოუწოდებს.

საქართველოს სახალხო დამცველი, მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, არაერთი წელია აკვირდება საარჩევნო უფლების რეალიზაციასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს.

განვლილი წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში მატულობს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომლების, სააღმზრდელო დაწესებულებების, ბაღებისა და სკოლების დირექტორების, თუ საჯარო სექტორში დასაქმებული სხვა პირების მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევები.[1] აღნიშნულით ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და უარყოფითად აისახება საზოგადოების ნდობაზე საარჩევნო პროცესის მიმართ. თანასწორი მოპყრობა და დისკრიმინაციის აკრძალვა წარმოადგენს ზოგად მინიმალურ სტანდარტებს, რომლებსაც პატივი უნდა სცეს ყველამ, ნებისმიერ ვითარებაში, მათ შორის საარჩევნო კამპანიების პერიოდში. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი ხელისუფლებას მოუწოდებს, შეასრულოს ამ მხრივ მასზე დაკისრებული როგორც ნეგატიური, ისე პოზიტიური ვალდებულებები და არ განახორციელოს და არ დაუშვას წინასაარჩევნო პერიოდში და საარჩევნო პროცესში პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია.

სამწუხაროდ, საარჩევნო პერიოდში, როგორც წესი, აქტიურად შეინიშნება საარჩევნო სუბიექტების მხრიდან სხვადასხვა ნიშნის მიხედვით ადამიანთა დისკრიმინაციის წახალისება და სიძულვილის ენის გამოყენება, მათ შორის, ქსენოფობიურ, რელიგიურ, ჰომოფობიურ ნიადაგზე. პოლიტიკური დებატები მონაწილეთა მხრიდან ერთმანეთის მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებებით ხასიათდება. განსაკუთრებით თვალსაჩინოა პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართული ქალების მიმართ სექსისტური დამოკიდებულება, რაც, ხშირ შემთხვევაში, მათ მიმართ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოიყენება.[2]

სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი ფაქტები ხელს უშლის მშვიდობიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებას. აუცილებელია, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა, შესაბამისმა კანდიდატებმა, პოლიტიკური გუნდის/კანდიდატის მხარდამჭერებმა, პოლიტიკური თანამდებობის პირებმა მაღალი პოლიტიკური და სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინონ და ხელი შეუწყონ პლურალისტური, ძალადობისა და სიძულვილის ენისგან თავისუფალი საარჩევნო კამპანიის წარმართვას. დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული პოლიტიკური კულტურის დასანერგად, მნიშვნელოვანია კანდიდატთა საარჩევნო კამპანიები მიმართული იყოს საქმიანი, საარჩევნო პროგრამებზე ორიენტირებული დისკუსიისკენ.

გარდა ზემოაღნიშნულისა, სახალხო დამცველი მოუწოდებს პოლიტიკურ სუბიექტებს და მათ აქტივისტებს, თავი შეიკავონ თავიანთ პროგრამებსა და კამპანიებში დისკრიმინაციული პოლიტიკის გამოყენებისგან და იმგვარი იდეების გაჟღერებისა თუ მხარდაჭერისგან, რომლებიც ამა თუ იმ საფუძვლით (ეთნიკური წარმომავლობა, რელიგია, სქესი, სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა და სხვ.) ადამიანთა ჯგუფების უპირატესობას აღიარებს. ამასთან, მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, არ მოახდინონ არადომინანტური ჯგუფების მარგინალიზაცია; გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და სამართლიანობა მგრძნობიარე თემებზე საუბრისას, უმცირესობების სტიგმატიზების თავიდან აცილების მიზნით.

გასული წლების უკიდურესად პოლარიზებულ საარჩევნო გარემოს კიდევ უფრო მეტად ამძიმებდა ფიზიკური დაპირისპირება და ძალადობა, ასევე ამომრჩევლის ნების კონტროლისა და მოსყიდვის შესაძლო ფაქტებიც. როგორც არაერთხელ შეფასდა სახალხო დამცველის მიერ, მსგავსი ვითარება ხელს უშლის არჩევნების მშვიდ და ჯანსაღ გარემოში ჩატარებას, საბოლოოდ, კი მნიშვნელოვნად აზიანებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ამდენად, სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა საარჩევნო სუბიექტსა და მათ მხარდამჭერს - გამოიჩინონ მაღალი პოლიტიკური კულტურა და უარი თქვან მანკიერ პრაქტიკად ქცეულ ძალადობრივ და კონფრონტაციულ წინასაარჩევნო გარემოზე. უფრო მეტიც, მაღალი თანამდებობის პირებმა, მმართველი გუნდისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა საჯაროდ უნდა დაგმონ ასეთი ფაქტები და მოუწოდონ თავიან წარმომადგენლებსა თუ მხარდამჭერებს ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესების მშვიდობიან პირობებში წარმართვას. ამასთან, მსგავსი შემთხვევების გამოვლენისას სამართალდამცავმა უწყებებმა მყისიერად გადადგან ეფექტიანი ნაბიჯები პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირებისა და მათ მიმართ ყველა კანონისმიერი ღონისძიებების გატარების მიზნით.

სახალხო დამცველი მოუწოდებს, ასევე, მედიის წარმომადგენლებს, საარჩევნო კამპანიების გაშუქებისას, სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევებზე მოახდინონ შესაბამისი განმარტება და მსგავს ფაქტებს კრიტიკულად გამოეხმაურონ. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებასაც, რომ მედიას აკისრია უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, ხელი შეუწყოს მოსახლეობის მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას, რასაც საფრთხეს უქმნის არსებული მკვეთრად პოლარიზებული გარემო. შესაბამისად, სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, წინასაარჩევნო კამპანია გააშუქონ დაბალანსებულად და სიღრმისეულად, მათ შორის, შესაბამისი საგამოძიებო თუ ანალიტიკური პროგრამების განთავსების გზით.

ამავდროულად, სახალხო დამცველი ხაზს უსვამს მედიის განსაკუთრებულ როლს წინასაარჩევნო კამპანიის კანონის შესაბამისად, თავისუფლად და სამართლიანად წარმართვის კონტროლის თვალსაზრისით. ამდენად, ბოლო პერიოდში, მედიის წარმომადგენლების მიმართ გახშირებული დანაშაულებრივი ქმედებების გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მოუწოდებს შესაბამის უწყებებს და თანამდებობის პირებს, უზრუნველყონ ჟურნალისტური საქმიანობის უსაფრთხო გარემოში განხორციელების შესაძლებლობა. ხოლო მათ მიმართ თავდასხმის, ხელშეშლის თუ სხვაგვარი სამართალდარღვევის შემთხვევაში, მოხდინონ დროული და ეფექტიანი გამოძიება. ამასთან, ინციდენტების დაფიქსირების თუ ხელშეწყობის თავიდან აცილების მიზნით, მნიშვნელოვანია, პოლიტიკური თანამდებობის პირებმა თავი შეიკავონ ჟურნალისტების დისკრედიტაციისკენ მიმართული განცხადებების გაკეთებისგან.

სახალხო დამცველი თავისი მანდატის ფარგლებში დააკვირდება თვითმმართველობის 2021 წლის არჩევნების პროცესს, რაც ითვალისწინებს როგორც უშუალოდ კენჭისყრის დღეს ადამიანის უფლებების დარღვევების გამოვლენას, ისე - წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგს.


[1] იხ. სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, 2018, გვ. 230-231.

[2] იხ. „დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში, 2020, გვ. 46.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)