სახალხო დამცველის განცხადება ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია უკიდურესად შემაშფოთებელ ფაქტად აფასებს ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმას და მიიჩნევს, რომ ამ ტიპის ქმედებების მიმართ სახელმწიფოს პასუხი უნდა იყოს მკაცრი.
ვახო სანაიას განცხადებით, თავდამსხმელებმა ჟურნალისტური საქმიანობის გამო, შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ მას და მის თანმხლებ პირებს.
„ჟურნალისტის პროფესია და მისი დამოუკიდებლობა სახელმწიფოს დემოკრატიულობის უმნიშვნელოვანესი ნიშანია. ქვეყანაში უნდა არსებობდეს ინფორმაციის გავრცელების თავისუფალი შესაძლებლობა, მიუხედავად მისი შინაარსისა. თუკი ჟურნალისტს თავს ესხმიან მისი საქმიანობიდან გამომდინარე, ეს დანაშაულებრივი ქმედება ადეკვატურ და მკაცრ რეაგირებას საჭიროებს, რათა სამომავლოდ თავიდან იქნას აცილებული მსგავსი შემთხვევები.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი კრძალავს როგორც ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელშეშლას, ისე პირის დევნას მისი სიტყვის, აზრის, საზოგადოებრივი ან პროფესიული მოღვაწეობის მიზეზით. პირის მიმართ დანაშაულის ჩადენა მისი შეხედულების გამო, დანაშაულის ზოგადი დამამძიმებელი გარემოებაა“.
სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აწარმოოს ეფექტური გამოძიება, იმსჯელოს სპეციფიკური შემადგენლობის გამოკვეთაზე და უზრუნველყოს პასუხისმგებელ პირთა ადეკვატური დასჯა.