ახალი ამბები

სახალხო დამცველის განცხადება სმენის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით

ყოველწლიურად 3 მარტს სმენის მსოფლიო დღე აღინიშნება, რომლის მიზანია სმენის დაზიანების პრევენციის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ყურსა და სმენაზე ზრუნვის პოპულარიზაცია. 2021 წელს, ამ დღის მთავარი გზავნილია „სმენაზე ზრუნვა ყველასთვის! სკრინინგი, რეაბილიტაცია, კომუნიკაცია“.

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საზოგადოებას შეახსენებს, რომ სმენის დაზიანების უმეტესი შემთხვევების თავიდან არიდება შესაძლებელია ისეთი პროფილაქტიკური ღონისძიებებით, როგორიცაა ბავშვთა და რეპროდუქციული ასაკის ქალთა იმუნიზაცია, სმენისთვის საფრთხის შემცველი მედიკამენტების მიღებისგან თავის არიდება, ჰიგიენის დაცვა, ხმაურის ზემოქმედების შემცირება და სხვა. უკვე გამოვლენილ შემთხვევებში, სმენის დაზიანებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების შემცირება შესაძლებელია დროული გამოვლენითა და ადრეული, ეფექტიანი ჩარევით.

საქართველოში მცხოვრები სმენის სირთულეების მქონე პირები საზოგადოებაში ინკლუზიის კუთხით არაერთ ბარიერს აწყდებიან. პრობლემურია ამ პირთა სათანადო რეაბილიტაციით უზრუნველყოფა და საჭიროებებზე მორგებული პროგრამებით მთელი ქვეყნის მოცვა. გამოწვევად რჩება მათ მიერ საჯარო თუ კერძო სექტორში სერვისებზე თანაბარი წვდომა და ეფექტური კომუნიკაცია.

არსებული სისტემური პრობლემები კიდევ უფრო მკაფიო გახდა ახალი კორონა ვირუსის პანდემიის პირობებში. კომუნიკაციის კუთხით არსებულ გამოწვევებს დაერთო ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით პირბადის გამოყენების აუცილებლობაც. გაუმჭვირვალე პირბადეების გამოყენებამ სმენის სირთულეების მქონე ადამიანებს დაბრკოლებები შეუქმნა. ასევე პრობლემურია სოციალური დისტანციის დაცვაც, რადგან ამ პირთა გარკვეული ნაწილისთვის ბგერის აღქმა სიშორის გამო გაძნელებულია. ისინი კარგავენ ინფორმაციის მნიშვნელოვან ნაწილს და ექმნებათ სირთულეები სხვადასხვა მომსახურების მიღების დროს.

პანდემიის პირობებში კომუნიკაციის სირთულეების დაძლევის გზების ძიებისას მსოფლიო ყურადღების ცენტრში გამჭვირვალე ფარიანი პირბადე მოექცა. ასეთ პირბადეს, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის გამოცდილებაზე დაყრდნობით, საქართველოში ათასობით ადამიანის ყოველდღიურობის შეცვლა შეუძლია. ამისთვის კი მნიშვნელოვანია სახელმწიფომ ხელი შეუწყოს გამჭვირვალე ფარიანი პირბადის მოხმარებას და უზრუნველყოს საჯარო თუ კერძო სექტორში ადაპტირებული მომსახურების დანერგვა.

სმენის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას ქვეყანაში სმენის სირთულეების მქონე პირთა საჭიროებებზე და მოუწოდებს პასუხისმგებელ უწყებებს:

  • უზრუნველყონ სმენის სირთულეების მქონე პირთა საჭიროებების ინტეგრირება პოლიტიკის დოკუმენტებსა და სამოქმედო გეგმებში
  • მიიღონ საჭირო ზომები სმენის დაზიანების პრევენციის მიზნით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა თუ სმენის სკრინინგის პროგრამების მისაწვდომობის გაზრდის გზით
  • უზრუნველყონ სმენის სირთულეების მქონე ყველა პირისთვის სათანადო რეაბილიტაციის კომპონენტის მისაწვდომობა და ზედამხედველობა გაუწიონ სმენის რეაბილიტაციის პროგრამების განხორციელების პროცესს
  • სმენის სირთულეების მქონე პირთათვის კომუნიკაციის გამარტივების მიზნით, პანდემიის პირობებში ხელი შეუწყონ გამჭვირვალე ფარიანი პირბადის დანერგვას და გამოყენებას როგორც საჯარო ისე კერძო სექტორში, მათ შორის საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო მომსახურებებში
  • უზრუნველყონ სმენის სირთულეების მქონე პირთა მისაწვდომობა ინფორმაციაზე და თემის აქტიური ჩართულობით ხელი შეუწყონ მათთან ეფექტური კომუნიკაციის გზების დანერგვას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში

Photo by WHO

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)