სახალხო დამცველის განცხადება საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პატივს მიაგებს საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ მეომრებს.
25 თებერვალი თავისუფლებისთვის, დასავლური ღირებულებებისთვის, უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად ბრძოლის ტრაგიკული და სიმბოლური დღეა. საბჭოთა ოკუპაციას ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების 70 წლიანი უგულვებელყოფა, ასეულათასობით საქართველოს მოქალაქის რეპრესია, დახვრეტა და გადასახლება მოყვა.
სამწუხაროდ, ოკუპაცია დღემდე გრძელდება. 2016 წლის მაისში საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორია, 2018 წლის თებერვალში ცხინვალის იზოლატორში წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილი და სხვა მკვლელობები, მკვლელობათა გამოუძიებლობა, მკვლელთა დაუსჯელობა, საოკუპაციო ხაზზე ხშირი უკანონო დაკავებები, მუდმივი მცოცავი ანექსია, საინფორმაციო ომი – ნათლად წარმოაჩენს, რომ გასული საუკუნის დასაწყისში დაწყებული ოკუპაცია კვლავ გრძელდება. მოპოვებულ თავისუფლებას კი დაცვა და შენარჩუნება ყოველდღიურ რეჟიმში სჭირდება.