სახალხო დამცველის განცხადება „მუხრანის სავანეში“ ხანძრის შედეგად გარდაცვლილ ხანდაზმულებთან დაკავშირებით
სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს ხანდაზმულთა სახლ „მუხრანის სავანეში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად ბენეფიციარების გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულ პირებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.
ხანდაზმულთა დაწესებულებებში განთავსებულთა მოწყვლადობის გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთ დაწესებულებებში უსაფრთხოების პირობების მაღალი სტანდარტის დაცვა.
სახალხო დამცველი წლებია მონიტორინგს ახორციელებს ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში და ამოწმებს მომსახურების მიწოდების ხარისხის შესაბამისობას დადგენილ სტანდარტებთან და მიგნებებს ასახავს ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშებსა თუ მონიტორინგის შემდგომ ანგარიშებში. დადგენილი საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების თანახმად, ბენეფიციარები მომსახურებას უნდა იღებდნენ უსაფრთხო გარემოში,[1] დაცული უნდა იყოს ხანდაზმული ბენეფიციარების საცხოვრებელი და მიმდებარე გარემოს უსაფრთხოება[2].
სახალხო დამცველი განმარტავს, რომ აუცილებელია, შესაბამისმა უწყებებმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით წარმართონ დროული და ეფექტიანი გამოძიება, რათა დადგინდეს ხანძრის გამომწვევი მიზეზები და გატარდეს შესაბამისი ზომები მომავალში მსგავსი შემთხვევის თავიდან ასაცილებლად.
[1] უსაფრთხოება და სანიტარიული მდგომარეობა (სტანდარტი №3), სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა მომსახურების მინიმალური სტანდარტების დამტკიცების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 23 ივლისის №01-54/ნ ბრძანება.
https://matsne.gov.ge/document/view/2391345?publication=6
[2] დაბერების თაობაზე მადრიდის საერთაშორისო სამოქმედო გეგმა და პოლიტიკური დეკლარაცია
https://www.un.org/esa/socdev/documents/ageing/MIPAA/political-declaration-en.pdf