სახალხო დამცველის განცხადება ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
გილოცავთ 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ოფიციალურად 1975 წლიდან აღინიშნება. ეს დღე, ქალთა თანასწორუფლებიანობისთვის ბრძოლის დღეა და მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში არსებული გამოწვევების გააზრებას.
წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა გენდერული თანასწორობის მისაღწევად საქართველოში. თუმცა, მიუხედავად ამისა, პრობლემად რჩება გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის დაბალი მაჩვენებელი და არათანაბარი ეკონომიკური მონაწილეობა, რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების ეფექტური განხორციელება, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, ადრეულ ასაკში ქორწინების, სექსუალური შევიწროების პრევენცია და შესაბამისი რეაგირება.
2019 წლის ქალთა საერთაშორისო დღის მთავარი თემაა გენდერული თანასწორობის მიღწევის დაჩქარება, რაც თავის მხრივ, რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას და ქალთა გაძლიერებას გულისხმობს. საქართველოში, გენდერული თანასწორობის მიღწევას ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური მონაწილეობის დაბალი მაჩვენებელი აფერხებს, რაც წლების განმავლობაში არსებითად არ შეცვლილა. გენდერული უთანასწორობის გლობალური ინდექსის მიხედვით, საქართველო ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის მაჩვენებლით 149 ქვეყანას შორის 119-ე ადგილზეა.
ვიმედოვნებ, საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს გენდერული თანასწორობის მიღწევისთვის, მათ შორის, განახლდება დისკუსია გენდერული კვოტირების სისტემის შემოღებაზე, რადგან არსებული ბარიერები მნიშვნელოვნად აფერხებს სისტემური ცვლილებების განხორციელებას და ამავდროულად ვერ აკმაყოფილებს ქალთა უფლებების, თავისუფლებებისა და შესაძლებლობების თანასწორობის პრინციპის დაცვით განხორციელების პირობას.
ჰეშთეგები:
#ქალთადღე2019
#დააჩქარეთანასწორობა
#დაიცავითანასწორობა
#იზრუნეთანასწორობისთვის