ახალი ამბები

სახალხო დამცველის განცხადება გიორგი მამალაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით

სახალხო დამცველი დადებითად აფასებს გიორგი მამალაძის გათავისუფლების ფაქტს. დაახლოებით 3 თვის წინ, სახალხო დამცველმა იუსტიციის მინისტრს მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის თავისუფლების აღკვეთის უფრო მსუბუქი სასჯელით (შინაპატიმრობით) შეცვლის ან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვის თაობაზე რეკომენდაციით[1] მიმართა.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, პირობით ვადამდე გათავისუფლების საბჭომ 2024 წლის 14 თებერვალს დაასრულა საკითხის განხილვა და გიორგი მამალაძე გათავისუფლდა.

სახალხო დამცველის რეკომენდაციაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე პირობით ვადამდე გათავისუფლების სხვა კრიტერიუმებს. სახალხო დამცველი მოუწოდებდა საბჭოს სრულყოფილად შეესწავლათ გიორგი მამალაძის მდგომარეობა და ჯეროვანი ყურადღება გამახვილებულიყო რეკომენდაციაში მითითებულ ყველა ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებაზე.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2019 წელს, სახალხო დამცველმა, მოწვეული სამედიცინო ექსპერტების დასკვნების საფუძველზე, რეკომენდაციით მიმართა იუსტიციის მინისტრს მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის თაობაზე.[2] შემდეგ პერიოდშიც გრძელდებოდა საქმის შესწავლა და სახალხო დამცველის 2020-2022 წლების ანგარიშებში[3] მუდმივად იყო საუბარი გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე და ყურადღება მახვილდებოდა იმაზე, რომ ის ვერ იღებდა სათანადო სამედიცინო მომსახურებას სრულყოფილად.

საბოლოოდ, 2023 წლის 30 ოქტომბერს, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით იუსტიციის მინისტრს მიმართა. სახალხო დამცველი მიესალმება მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის მიმართ საშეღავათო მექანიზმის გამოყენებას.


[1] საქართველოს სახალხო დამცველის 2023 წლის 30 ოქტომბრის N15-5/10649 რეკომენდაცია.

[2] საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის 7 მარტის N15-5/2748 რეკომენდაცია.

[3] საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიშები: 2020 წლის ანგარიში, გვ. 43 <https://www.ombudsman.ge/res/docs/2021040113411364936.pdf> 2021 წლის ანგარიში, გვ.38-39 <https://www.ombudsman.ge/res/docs/2022040420075286303.pdf> 2022 წლის ანგარიში გვ. 189-190 <https://www.ombudsman.ge/res/docs/2023040315084085042.pdf> [ბოლოს ნანახია: 15.02.2024 წ.].

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)