სახალხო დამცველის განცხადება გაუარესებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და პრევენციული ღონისძიებების აღსრულებასთან დაკავშირებით
უკანასკნელი დღეების განმავლობაში ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის კლების ტენდენცია მატების ტენდენციით შეიცვალა.
როგორც საზოგადებისთვის ცნობილია, ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის ორი ყველაზე ეფექტური ღონისძიებაა: პირბადის სწორად ტარება და სოციალური დისტანცია. საქართველოს მთავრობის მიერ 2021 წლის 25 თებერვლიდან დადგენილი შეზღუდვების ეტაპობრივ შემსუბუქებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ქვეყანაში მოსახლეობის მობილობა. ამ ფონზე სახალხო დამცველს საგანგაშოდ მიაჩნია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მონაცემები,რომლის თანახმად, პირბადის ტარების მაჩვენებელი ქვეყანაში 75%-დან 43%-მდე შემცირდა.
ასევე, ბოლო დღეების განმავლობაში სახალხო დამცველის რწმუნებულების დაკვირვების და საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რეგიონებში დადგენილი შეზღუდვებისა და რეკომენდაციების სრული უგულებელყოფით იმართება სოციალური შეკრებები.
სახალხო დამცველი, როგორც ქვეყანაში ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვაზე ზედამხედველი კონსტიტუციური ორგანო, საზოგადოებას 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულებით გამოწვეულ მძიმე შედეგებს შეახსენებს. როდესაც მოქალაქეებს პრობლემები შეექმნათ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღების თვალსაზრისით და საფრთხე შეექმნა მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ახალი კორონა ვირუსით გარდაცვლილთა ოჯახები არაერთ შემთხვევაში მიუთითებენ დაგვიანებულ ჰოსპიტალიზაციასა და მკურნალობაზე, როგორც გარდაცვალების გამომწვევ მიზეზებზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მოუწოდებს
- სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს
მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყონ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის დადგენილი შეზღუდვების შესრულებაზე ეფექტური და რეალური კონტროლი
- საქართველოს მოსახლეობას
განუხრელად შეასრულონ კარანტინს და თვითიზოლაციასთან დაკავშირებული მოთხოვნები და რეკომენდაციები, როგორც დღესდღეობით ერთადერთ და ყველაზე ეფექტური გზას საკუთარი და სხვა ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლების დასაცავად - პირბადით სწორად სარგებლობა, მათ შორის, ღია სივრცეებში, ჰიგიენური წესების და სოციალური დისტანციის დაცვა.
- მედია საშუალებებს
შესაძლებლობის ფარგლებში სისტემატიურად უზრუნველყონ ინფორმაციის გავრცელება და მოსახლეობის ინფორმირებულობა პრევენციული ღონისძიებების - პირბადის სწორად ტარების და სოციალური დისტანციის დაცვის მნიშვნელობის შესახებ.