სახალხო დამცველის განცხადება აქციებზე მიმდინარე დაკავებებსა და დაკავებულთა მიმართა არაპროპორციული ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით
საქართველოს სახალხო დამცველმა აქციებზე მიმდინარე დაკავებებსა და დაკავებულთა მიმართა არაპროპორციული ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით საზოგადოებას აცნობა, რომ აპარატის თანამშრომლები ოთხი დღე და ღამეა ეძებენ და ნახულობენ აქციაზე დაკავებულ და დაშავებულ პირებს, ესაუბრებიან და პირადად მათგან იკვლევენ დეტალებს.
ამ პერიოდისთვის (2.12.24-13:00) სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა უკვე მოინახულეს 156 ადამიანი, მათგან 124 (80%) პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პოლიცია ამეტებს თავის უფლებამოსილებას და როდესაც კონკრეტული სამართალდამცველები არ ისჯებიან ასეთი ქმედებისთვის, ყოველ ჯერზე აქციის დაშლა სულ უფრო და უფრო მეტი სისასტიკით ხორციელდება. ამიტომ, სახალხო დამცველი მოითხოვს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოიძიოს ყველა ასეთი შემთხვევა და მოახდინოს უმკაცრესი რეაგირება.
სახალხო დამცველის რწმუნებულები ამ წუთებშიც განაგრძობენ დაკავებული პირების, მათ შორის ჟურნალისტების მონახულებას, მთელი საქართველოს მასშტაბით. ამასთან, აპარატში მოქმედებს ცხელი ხაზი - 14-81, რომელიც 24/7-ზე მზად არის მიიღოს ინფორმაცია უფლებადარღვევების შესახებ.
„ჩვენ ვნახეთ ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობის აქტები, ვნახეთ მოქალაქეების მიმართ უპრეცედენტო თავდასხმა და ძალადობა, რომელსაც არანაირი გამართლება არა აქვს. ამ ფაქტებთან დაკავშირებით იმავე დღეს გავაკეთე საკმაოდ მკაცრი განცხადებები, სადაც მოვუწოდე ხელისუფლებას და განსაკუთრებით პოლიციას, თავი შეიკავონ ძალადობისგან, ხოლო დამნაშავეების მიმართ გატარდეს შესაბამისი ზომები.
მოვუწოდებ სამართალდამცავებს, იმოქმედონ კანონით დადგენილი ნორმების თანახმად და გამოიყენონ მხოლოდ და მხოლოდ ლეგიტიმური ძალა. ამასთან, ვთხოვ აქციის მონაწილეებს, მაქსიმალურად ეცადონ არ გასცდნენ პროტესტის მშვიდობიანი გამოხატვის ფორმებს, “ - განაცხადა სახალხო დამცველმა.