სახალხო დამცველის განცხადება 7 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით
საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ 7 ნოემბრის სასტიკი დარბევის შემდეგ გრძელდება ტერორი და დევნა იმ მოქალაქეებისა, რომელთაც ხელისუფლებისაგან განსხვავებული აზრი აქვთ, გრძელდება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებისა და უბრალოდ აქციებში მონაწილე რიგითი ადამიანების დევნა.
7 ნოემბრის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატმა ძალიან ბევრი საქმე შეისწავლა, რომლებიც ამ დევნის ფაქტებს ასახავს.
სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და საქართველოს გენერალურ პროკურორს, სასწრაფოდ შეისწავლონ აღნიშნული ფაქტები და მოახდინონ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. თუმცა, სახალხო დამცველს არ აქვს იმედი, რომ ამ ფაქტების ობიექტურად გამოიძიებენ და ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს სასწრაფოდ შეწყდეს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო ადამიანების დევნა და მოქალაქეების მიმართ განხორციელებული ტერორი.
ამავე დროს სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და ადამიანის უფლებათა დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მიაწვდინონ ხმა საქართველოს ხელისუფლებას, რათა საქართველოში შეწყდეს განსხვავებული აზრის გამო ადამიანები დევნა.
ამავდროულად, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას სასწრაფოდ აღდგეს იმ რადიო და ტელეკომპანიების საქმიანობა, რომელთაც უკანონოდ შეუწყდათ მაუწყებლობა, ესენია: რადიო და ტელეკომპანია `იმედი“, ტელეკომპანია `კავკასია“, ტელეკომპანია `25-ე არხი“ (ბათუმი).
* * *
გოჩა ბაძგარაძის საქმე
გოჩა ბაძგარაძე თანასწორობის ინსტიტუტის იმერეთის ბიუროს თავმჯდომარეა. 2007 წლის 9 ნოემბერს მან ახსნა-განმარტება მისცა სახალხო დამცველის რწმუნებულებს. მის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 8 ნოემბერს, დილის დაახლოებით 9:30 საათზე გამოვიდა სახლიდან. გოჩა ბაძგარაძე წყალტუბოში, გურამიშვილის გამზირის #1/47-ში ცხოვრობს. დაახლოებით 15 მეტრის გავლის შემდეგ, მის წინ გაჩერდა რენოს მარკის მოწითალო ფერის ავტომობილი, საიდანაც გადმოვიდა სამხედრო ფორმაში ჩაცმული ოთხი ნიღბიანი პირი. მათ ყოველგვარი სიტყვიერი გაფრთხილების გარეშე, ძალის გამოყენებით გოჩა ბაძგარაძე ჩასვეს ავტომობილში. მანქანაში მას აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. მას დაახრევინეს თავი, რათა ვერ გაეგო, თუ რა მიმართულებით მიჰყავდათ. გოჩა ბაძგარაძის განმარტებით, მას სცემდნენ და ფიზიკური განადგურებით ემუქრებოდნენ. ეუბნებოდნენ, რომ თუ პოლიტიკურ აქტიურობასა და ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლებს გააგრძელებდა, აუცილებლად მოკლავდნენ. ცოტა ხნის შემდეგ, ის ხელფეხშეკრული დატოვეს მისთვის უცნობ ადგილას.
რამდენიმე ხნის შემდეგ გოჩა ბაძგარაძემ მოახერხა ხელ-ფეხის გახსნა და წამოდგა. ის იმყოფებოდა წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მდებარე სასაფლაოს ტერიტორიაზე. გოჩა ბაძგარაძეს თან არ ჰქონდა მობილური ტელეფონი, ვინაიდან ის წაართვეს დაკავებისთანავე და უკან არ დაუბრუნებიათ. ის ფეხით ჩამოვიდა გზატკეცილამდე, გააჩერა მიკროავტობუსი და მივიდა სახლში.
ამ დროისათვის გოჩა ბაძგარაძე თავს გრძნობდა ძალიან ცუდად, ჰქონდა თავბრუსხვევა და უჭირდა სუნთქვა, მარჯვენა თვალის არეში გრძობდა ტკივილს, რის გამოც საჭირო გახდა სასწრაფო დახმარების გამოძახება. მას გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და, მიუხედავად რჩევისა, უარი განაცხადა საავადმყოფოში გადაყვანაზე. რამდენიმე წუთის შემდეგ საჭირო გახდა სასწრაფო დახმარების ხელმეორედ გამოძახება, რა დროსაც ის გადაყვანილ იქნა ქუთაისის სამხარეო კლინიკურ საავადმყოფოში. აღნიშული დაწესებულების მიერ გოჩა ბაძგარაძის მიმართ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის ცნობით დასტურდება, რომ დათვალიერების საფუძველზე შეიმჩნევა მარჯვენა თვალბუდის დაჟეჟილობა, უხეში ექსკორაციები, გულ-მკერდის დაჟეჟილობა. სამედიცინო ცნობაში მითითებულია, რომ ავადმყოფის გადმოცემით 3-4 საათის წინ ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ის სცემეს უცნობმა ნიღბიანმა პირებმა, გონება არ დაუკარგავს, პირღებინება არ ჰქონია.
გოჩა ბაძგარაძის განმარტებით, სამედიცინო გამოკვლევებისათვის აუცილებელი გახდა საავადმყოფოში დარჩენა, რაზეც მან უარი განაცხადა, ვინაიდან მიიჩნია, რომ მისი უსაფრთხოება დაცული არ იყო. ამ დროისათვის ის მკურნალობას გადის ექიმის დანიშნულებისამებრ. ის თავს გრძნობს შეუძლოდ და სახეზე აღენიშნება მრავლობითი ჩაქცევები და სილურჯეები. გოჩა ბაძგარაძის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ქუთაისის კლინიკურმა საავადმყოფომ აღნიშნულის შესახებ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს, თუმცა მისთვის უცნობია, მოყვა თუ არა აღნიშნულ ფაქტს რაიმე სახის რეაგირება.
შორენა შელიას საქმე
დროებითი მოთავსების იზოლატორების მონიტორინგისას სახალხო დამცველის რწმუნებულები შეხვდნენ და ესაუბრნენ ერთ-ერთ დაკავებულ ქალბატონს, შორენა შელიას. მისი განმარტებით, 2007 წლის 8 ნოემბერს იმყოფებოდა თბილისში, ქიზიყის ქ.#7ა-ში მდებარე ჯიხურში, სადაც იგი მუშაობს გამყიდველად. შუადღისას მასთან მივიდა უბნის ორი ინსპექტორი, რომლებმაც უთხრეს, რომ ჯარიმა, რომელიც ადრე ჰქონდა დაკისრებული და გადახდილი, ბანკის მიერ არ ფიქსირდებოდა და საკითხის გასარკვევად უნდა გაყოლოდა მათ პოლიციის განყოფილებაში. შორენა შელიამ პოლიციის თანამშრომლებს განუცხადა, რომ აღნიშნული ჯარიმა დროულად ჰქონდა გადახდილი, თუმცა გადახდის დამადასტურებელი ქვითარი დიდი ხნის ძებნის მიუხედავად ვერ იპოვნა. მან გადაწყვიტა, რომ პირადობის მოწმობის მონაცემებით შეეძლო გადაემოწმებინა ჯარიმის გადახდის ფაქტი. ის მივიდა პოლიციის განყოფილებაში, სადაც გაიგო, რომ იყო დაკავებული, ვინაიდან 2007 წლის 7 ნოემბერს მიტინგზე დააფიქსირეს კამერებმა. შედგა მისი დაკავების ოქმი, ხოლო თავად გადაყვანილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს თბილისის #2 იზოლატორში.
ოთარ მუჯირიშვილისა და ლევან მოსაშვილის საქმე
2007 წლის 8 ნოემბერს სახალხო დამცველის რწმუნებულები იმყოფებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს თბილისის #2 დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც ახსნა-განმარტებები ჩამოართვეს დაკავებულ ოთარ მუჯირიშვილს და ლევან მოსაშვილს.
ოთარ მუჯირიშვილის განმარტებით, 2007 წლის 7 ნოემბერს იგი უნდა შეხვედროდა მეგობარს დიღომში. ვინაიდან გზა იყო გადაკეტილი, ჩამოვიდა ტაქსიდან დიღმის მასივის ტერიტორიაზე და გადაწყვიტა ფეხით წასულიყო. მისი განმარტებით, საავადმყოფოებთან მას თავს დაესხნენ სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები და დაუწყეს ცემა, შემდეგ გაათრიეს ტელეკომპანია იმედის ტერიტორიაზე და იქ გააგრძელეს მისი ფიზიკური შეურაცხყოფა. ო.მუჯირიშვილი აღნიშნავს, რომ მას ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა ჰკითხა, ჰქონდა თუ არა მას დანა, ხოლო მუჯირიშვილის უარყოფითი პასუხის შემდეგ, უთხრა - „მე რაც მომინდება, შენ ჯიბეში ის იქნება“. მისი განმარტებით, იგი ხელბორკილით მიაბეს უცნობ პიროვნებას, რომელთან ერთადაც თითქოს მან ჩაიდინა დანაშაული. ამის შემდეგ ჩასვეს ა/მანქანაში, მიიყვანეს დამტვრეულ მანქანასთან (ა/მანქანის მოდელი არ ახსოვს) და ერთმანეთთან საუბრის შემდეგ წაიყვანეს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის განყოფილებაში.
დაკავებულ ო. მუჯირიშვილს ვიზუალურად აღენიშნებოდა დაზიანებები, კერძოდ: შუბლზე მარცხენა მხარეს სიწითლე, მარჯვენა თვალთან სიწითლე და დალურჯება, თავზე სისხლნაჟღენთი, ზურგის არეში სიწითლე ზოლების სახით.
ლევან მოსაშვილის განმარტებით, 2007 წლის 7 ნოემბერს იგი იმყოფებოდა მის კუთვნილ ბინაში (თბილისი, დიღმის მასივი, მე-4 კვ. კორპ. 5ა), დაახლოებით 23 საათზე მას შემოესმა ხმაური, გადაიხედა აივნიდან და დაინახა გარკვეული რაოდენობის ადამიანები (დაახლოებით 150-200), რომლებიც სკანდირებდნენ სიტყვას „საქართველო“. იგი ჩამოვიდა ეზოში, სადაც იყვნენ ახალგაზრდები, რომლებსაც ეჭირათ ბოთლები, ქვები და იმუქრებოდნენ პატრულის ა/მანქანების დაზიანებით. მისი განმარტებით, მან მოახერხა, რომ ამ ახალგაზრდებს გადაეყარათ აღნიშნული ნივთები. დაახლოებით 5-7 წუთის შემდეგ, ტელევიზიის მხრიდან გამოჩნდნენ სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები, მომიტინგეების მხარეს ისროლეს ცრემლსადენი ყუმბარები, რის შემდეგაც მომიტინგეები დაიშალნენ. იგი აღნიშნავს, რომ რამდენიმე მეზობელთან ერთად დარჩა ეზოში, რა დროსაც მათ მიუახლოვდნენ სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები და დაუწყეს ცემა ხელკეტებით. იგი უხსნიდა, რომ იყო უშიშროების ყოფილი თანამშრომელი, რამაც სპეცრაზმის თანამშრომლები უფრო გააღიზიანა, დაადეს ხელბორკილები და პატრულის მეშვეობით გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში.
ვლადიმერ ხუციშვილის საქმე
სახალხო დამცველის აპარატის რწმუნებულები 2007 წლის 12 ნოემბერს იმყოფებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს თბილისის N2 დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც ახსნა-განმარტებები ჩამოართვეს იქ განთავსებულ ვლადიმერ ხუციშვილს.
ვლადიმერ ხუციშვილის განმარტებით, 2007 წლის 11 ნოემბერს დაახლოებით 21-22 საათზე იგი იმყოფებოდა თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, თემქის დასახლების ასახვევში მდებარე აფთიაქში მედიკამენტების შესაძენად. აფთიაქში შევიდა სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი მისთვის უცნობი ორი ან სამი პიროვნება. მათ ვლადიმერ ხუციშვილს ყელში ხელი წაუჭირეს და ძალის გამოყენებით გაიყვანეს აფთიაქიდან. გარეთ იმყოფებოდა დაახლოებით 5, ან 6 პირი. იგი გამოყვანისთანავე ჩასვეს თეთრი ფერის ნივაში, სადაც აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას. კერძოდ, ხელით სცემდნენ სახის და ზურგის არეში და სთხოვდნენ დაებრუნებინა რეზინის ხელკეტი.
ვლადიმერ ხუციშვილის განმარტებით, იგი მიიყვანეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სავარაუდოდ მეოთხე ან მეხუთე სართულის ერთ-ერთ ოთახში. პოლიციის თანამშრომლებმა 7 ნოემბერს რიყეზე მიმდინარე მოვლენების ამსახველი ვიდეო ფირი ჩართეს. ჩანაწერში დაფიქსირებულია ვლადიმერ ხუციშვილი რეზინის ხელკეტით. მისი განმატებით, აღნიშნული ხელკეტი მან აქციის დარბევის დროს ერთ-ერთ ნიღბიან სპეცრაზმელს წაართვა, რომელიც მოქალაქეებს სცემდა. დაახლოებით 5-6 პოლიციელი მას 5 წუთის განმავლობაში აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას. კერძოდ, მთელ სხეულზე ხელებით და ფეხებით სცემდნენ, რის გამოც სხვა ფიზიკურ დაზიანებებთან ერთად, ჩაემტვრა რამდენიმე კბილი. ცემისას პოლიციელები მოითხოვდნენ ეთქვა ვისთან ერთად იყო აქციაზე. ამის შემდეგ ერთ-ერთმა პოლიციელმა უბრძანა დანარჩენებს შეეწყვიტათ მისი ცემა. ვლადიმერ ხუციშვილის განმარტებით, მან თავი დაარტყა ოთახში მდგარ მინის მაგიდას, რის შემდეგაც სამმა პოლიციელმა იგი ჩაიყვანა ფოიეში, ჩასვეს ავტომანქანაში და წაიყვანეს თბილისის შს მთავარ სამმართველოში, სადაც იგი გამომძიებელმა დაკითხა. თბილისის შს მთავარ სამმართველოში მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. დაკითხვის შემდეგ ვლადიმერ ხუციშვილი დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
ელიზბარ ბასიშვილის საქმე
2007 წლის 7 ნოემბერს სახალხო დამცველის რწმუნებულები იმყოფებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტში, სადაც გაესაუბრნენ და შესაბამისი ახსნა-განმარტება ჩამოართვეს დაკავებულ ელიზბარ (კახა) ბასიშვილს. მისი თქმით, ამა წლის 7 ნოემბერს, დილის 8:00 საათისათვის იმყოფებოდა პარლამენტს შენობის წინ გამართულ მშვიდობიან აქციაზე, მოშიმშილეებთან ერთად. ის თავადაც შიმშილობდა სამი დღის განმავლობაში. ამ დროს გამოჩნდნენ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები, რომლებმაც დაიწყეს აქციისა და მოშიმშილეების დარბევა და ცემა. დაკავებულის განმარტებით, პოლიციელებმა ის დააგდეს ასფალტზე და ცემეს, რა დროსაც მიიღო დაზიანება მარცხენა ფეხის კოჭთან. მარცხენა ქვედა კიდურზე მას აღენიშნება შეშუპება. მისი განცხადებით, პოლიციელები მას ხელებითა და ფეხებით ურტყამდნენ თავის არეშიც. ელიზბარ ბასიშვილის თქმით, მისი და აქციის დანარჩენი მონაწილეების მხრიდან პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ ჰქონია. ის ძალის გამოყენებით გაიყვანეს რუსთაველის გამზირზე, ჩასვეს საპატრულო პოლიციის მანქანაში და გადაიყვანეს ნარკოლოგიურ განყოფილებაში. ელიზბარ ბასიშვილმა უარი განაცხადა შარდის ჩაბარებაზე, რის გამოც დაუდგინეს კლინიკურად ნარკოტიკული ზემოქმედება, რასაც აპროტესტებს.
დაჩი ბერიძის საქმე
სახალხო დამცველის აპარატის რწმუნებულები 2007 წლის 12 ნოემბერს იმყოფებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს თბილისის #2 დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც ახსნა-განმარტებები ჩამოართვეს იქ განთავსებულ დაჩი ბერიძეს. მისი განმარტებით, ამა წლის 7 ნოემბერს, დაახლოებით 21:00 საათისათვის იმყოფებოდა მეტროსადგურ „ავლაბრის“ წინ მდებარე გაჩერებასთან და ცდილობდა გაეჩერებინა ტაქსი. ამ დროს, იქვე მდგომი თეთრი ფერის ავტობუსიდან გადმოვიდნენ ყვითელ საწვიმრებში ჩაცმული პოლიციელები. დაჩი ბერიძის განმარტებით, ერთ-ერთმა მათგანმა მას თავში რეზინის ხელკეტი ჩაარტყა, რის შემდეგაც ირგვლივ შემოეხვივნენ დანარჩენები. დაკავებულის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მას არ ახსოვს, თუ როგორ აღმოჩნდა თეთრი ფერის ავტობუსში. აღნიშნული ტრანსპორტით ის გადაყვანილ იქნა პარლამენტის შენობასთან, სადაც ის გადასვეს საპატრულო პოლიციის მანქანაში და წაიყვანეს #2 დროებითი მოთავსების იზოლატორში.
დაჩი ბერიძეს თავზე აღენიშნება სისხლნაჟღენთები და შეშუპება. პოლიციელთა განმარტებით, მისი დაკავების საფუძველია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევა.