სახალხო დამცველის გამოსვლა საერთაშორისო კონფერენციაზე სომხეთში
„საკანონმდებლო რეგულაციების ფართო ანდა არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრაქტიკამ, გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება ხელი შეუშალოს თავისუფალ დისკუსიას, კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვას, მოქალაქეთა მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და შეიძლება „დამაშინებელი ეფექტიც“ კი ჰქონდეს გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციის თვალსაზრისით.
მეორე მხრივ, არ შეიძლება უგულებელვყოთ საარჩევნო პერიოდში სიძულვილის ენის გამოყენების რეალური გამოწვევა. ამ პრობლემის გათვალისწინებით, ვფიქრობ, მისაღები იქნება რეგულირების ან თვითრეგულირების მექანიზმების შექმნა, რომელიც შეეცდება შეინარჩუნოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების არსებული სტანდარტები და ამავე დროს შეზღუდოს, აღკვეთოს კიდეც, სიძულვილის ენის გამოყენება საარჩევნო პერიოდის განმავლობაში“, - განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველის ინსტიტუტის დაარსების 15 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც სომხეთის დედაქალაქ ერევანში მიმდინარეობს 26-27 ნოემბერს.
სახალხო დამცველმა თავის ფეისბუკგვერდზეც მიულოცა სომხეთის ომბუდსმენს იუბილე, წარმატება უსურვა ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევაში და ღრმა რწმენა გამოთქვა, რომ ქართული და სომხური ინსტიტუციები მომავალშიც გააგრძელებენ წლების მანძილზე ჩამოყალიბებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის ტრადიციას.