სახალხო დამცველის გამოსვლა ქალთა გაძლიერების ფორუმზე
2019 წლის 26 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მონაწილოება მიიღო საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ ორგანიზებულ ქალთა გაძლიერების ფორუმში, სადაც ქალთა გაძლიერების საკითხებთან დაკავშირებით პრობლემის გადაჭრის გზებზე ისაუბრეს და სამომავლოდ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ სხვადასხვა სექტორში მომუშავე ადამიანების ხედვა მოისმინეს.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ნინო ლომჯარიამ სახალხო დამცველის მანდატიდან გამომდინარე, აპარატის ყოველდღიურ საქმიანობაში ქალთა გაძლიერებისკენ მიმართულ ინიციატივებზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისით საქართველომ მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა; დაიხვეწა შესაბამისი კანონმდებლობა და ინსტიტუციური მექანიზმები, გაძლიერდა საქართველოს შს სამინისტროს როლი, მისასალმებელია პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს აქტიურობა. განსაკუთრებული ძალისხმევა გამოიჩინეს ამ თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, აქტივისტებმა, ქალებმა რომლებმაც საკუთარი გამოცდილების შესაბამისად არაერთი მნიშვნელოვანი საკითხის ადვოკატირება და მათზე საზოგადოების ყურადღება მიპყრობა შეძლეს; განსაკუთრებით სექსუალური შევიწროების, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხების წინ წამოსაწევად.
თავის გამოსვლაში სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, რაც ქალებისა და გოგოებისთვის დისკრიმინაციულ გარემოს ქმნის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე და ხელს უშლის მათ გაძლიერებას. უპირველეს ყოვლისა აღნიშნა, რომ ქალის ჩაგვრა ჯერ კიდევ მის დაბადებამდე იწყება და ამისი თვალსაჩინო მაგალითია გენდერული ნიშნით სელექციური აბორტები (1990-2015 წლებში 31 446 გოგო არ დაიბადა). დისკრიმინაციული დამოკიდებულება ასევე, თავს იჩენს ადრეულ ასაკში ქორწინების ფორმით, რაც ხშირად იძულებითია და თავისთავად განაპირობებს ოჯახში ძალადობის და ეკონომიკური დამოუკიდებლობის არარსებობის რისკებს.
განათლების უფლების თვალსაზრისით აღნიშნა, რომ საქართველოში გოგოების აკადემიური მოსწრება უმაღლეს სასწავლებლებში უფრო მაღალია ვიდრე ბიჭების. მიუხედავად ამისა, მინიმალურია ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების დონეზე, რასაც ხშირად კულტურული, სოციალური, ეკონომიკური, ხილული თუ უხილავი ბარიერები სდევს თან.
მდგომარეობა არ შეცვლილა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და შრომითი უფლებების გაუმჯობესების თვალსაზრისით. კაცის სავარაუდო წლიური შემოსავალი ორჯერ აღემატება ქალისას. სამწუხაროდ, ამ დრომდე არ ჩატარებულა შესაბამისი კვლევა, რომელიც დაადგენდა ქალთა აუნაზღაურებელი შრომის მასშტაბს. დიდ გამოწვევას წარმოადგენს თანაბარი ეკონომიკური მონაწილეობის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო მიწის ფლობისას; კაცები ორჯერ უფრო ხშირად არიან დოკუმენტირებული მფლობელები, ვიდრე ქალები.
სახალხო დამცველის შეფასებით, სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმვისას მაქსიმალურად უნდა იქნას გათვალისწინებული სოფლად და ქალაქად მცხოვრები ქალების პრობლემათა განსხვავებულობა. ასევე, მნიშვნელოვანია რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის მეტად ხელმისაწვდომი გახდეს იურიდიული, სოციალური და სამედიცინო სერვისები ადგილზე.
გენდერული უთანასწორობა ოჯახური ურთიერთობების დონეზე ყველაზე ხშირად ძალადობით გამოიხატება. ოჯახში ძალადობის მსხვერპლები მეუღლის მხრიდან ძალადობას მატერიალური სახსრების ან ბიოლოგიური ოჯახის წევრების მხრიდან მხარდაჭერის არარსებობის გამო ითმენენ.
ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მაჩვენებელი პირდაპირ მიუთითებს კვოტირების, როგორც ერთ-ერთი ქმედითი მექანიზმის აუცილებლობაზე. დაბალია ქალთა დასაქმების პროცენტი სახელმწიფო უწყებებში, განსაკუთრებით კი ძალოვან უწყებებში.
გამოსვლის დასასრულს სახალხო დამცველმა იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო მნიშვნელოვან ღონისძიებებს გაატარებს ქალთა ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერების მიმართულებით და დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოში მცხოვრები ქალებისა და გოგოების უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ განხორციელებული პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა.